საპრეზიდენტო არჩევნებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 50-ზე მეტი დეპუტატი დააკვირდება

საპრეზიდენტო არჩევნებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 50-ზე მეტი დეპუტატი დააკვირდება

საპრეზიდენტო არჩევნებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან 50-ზე მეტი დებუტატი დააკვირდება. ეუთოს სადამკვირვებლო მისია საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვა. 

მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარის რანკო კრივოკაპიჩის საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა.

როგორც კრივოკაპიჩმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვა დელეგაცია, რომელიც 50-ზე მეტი დეპუტატისგან შედგება. მისივე თქმით, მათ შორის იქნებიან ცნობილი დეპუტატები, რომლებსაც საქართველში არჩევნების დაკვირვების გამოცდილება აქვთ.

გარდა ამისა, კრივოკაპიჩმა აღნიშნა, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხემძღვანელი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება და ის განცხადებას, არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს, ევროსაბჭოს, ნატოს და სხვა მისიების სახელით გააკეთებს.

თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები კვალიფიციური დაკვირვებისა და ყურადღების ქვეშ იქნება.

"ყველამ კარგად ვიცით, რაოდენ დიდია ეუთოს მისიის როლი არჩევნების სამართლიანად და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებაში. შეხვედრაზე კოლეგებს მადლობა მოვახსენე გასული წლის არჩევნების დროს მისიის მიერ გაწეული სერიოზული და ნაყოფიერი საქმიანობისათვის. კმაყოფილება გამოვთქვი, რომ წელს საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებისთანავე, ეუთო, საქართველოს საგარეო მინისტრის თხოვნას სათანადოდ გამოეხმაურა. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები მათი კვალიფიციური დაკვირვების და ყურადღების ქვეშ იქნება", - განაცხადა პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.