ადვოკატის თქმით, დავით ჩხიტუნიძე ათენის ციხეში კვლავ მძიმე მდგომარეობაშია

ადვოკატის თქმით, დავით ჩხიტუნიძე ათენის ციხეში კვლავ მძიმე მდგომარეობაშია

იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ჩხიტუნიძე ათენის ციხეში კვლავ მძიმე მდგომარეობაშია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სანდრო გირგვლიანის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული  დავით ჩხიტუნიძის ადვოკატმა, დალი იმნაიშვილმა განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, ჩხიტუნიძე ათენის საექსტრადაციო საპყრობილეში მისი ოჯახის წევრმა მოინახულა, რომელიც საქართველოში გუშინ დაბრუნდა.

"ოჯახის ინფორმაციით, მას თავის ძლიერი ტკივილები აღენიშნება", - განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, იმნაიშვილის თქმით, მისთვის უცნობია, როდის მოხდება ჩხიტუნიძის საქართველოში ექსტრადირება.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული, დავით ჩხიტუნიძე ათენში, აგვისტოს შუა რიცხვებში დააკავეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი ათენის ციხეში ქართველმა პატიმარმა სცემა.

ადვოკატების ინფორმაციით, ჩხიტუნიძე თავის არეში იყო დაჭრილი.

ჩხიტუნიძე ათენში, თურქეთში გამგზავრების მცდელობისას, დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინტერპოლით ძებნილი ბრალდებული საბერძნეთის სამართალდამცველებმა ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე აიყვანეს. ჩხიტუნიძის ადვოკატების ინფორმაციით კი, მათი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში დაბრუნებას და ჩვენებების მიცემას აპირებდა და საზღვარზე იმ მოტივით აიყვანეს, რომ მის დიპლომატიურ პასპორტს მოქმედების ვადა ჰქონდა შეჩერებული.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე დავით ჩხიტუნიძეს ბრალად წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

რაც შეეხება ეპიზოდს, ჩხიტუნიძეს გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირების ციხეში პრივილეგირებულად ყოფნაში ხელშეწყობა ბრალდება.

ჩხიტუნიძე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.