ნინო ბურჯანაძე ყაზბეგის მოსახლეობას შეხვდა

ნინო ბურჯანაძე ყაზბეგის მოსახლეობას შეხვდა

"დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი თანაპარტიელებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. 

"პრობლემები არის, რა თქმა უნდა, იგივე, რაც ყველგან, მთელ საქართველოში, მაგრამ მთის რაიონებს აქვს განსაკუთრებული სპეციფიკა. მე ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში მთა არ დაიცალოს. ეს არამარტო პიროვნულადაა მნიშვნელოვანი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად, რადგან პრაქტიკულად აქ მცხოვრები ადამიანები ბუნებრივი მესაზღვრეები არიან, ბუნებრივი საზღვრის დამცველები არიან ჩვენი ქვეყნისა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამუშავდეს ის კანონი, რომელიც სხვათაშორის ჩემი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს იყო მიღებული, მთის კანონი მაქვს მხედველობაში, სადაც ძალიან კარგად და ნათლად იყო გაწერილი თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მთა არ დაიცალოს, რომ აქ ადამიანებმა თავისი ქვეყნის შვილებად იგრძნონ თავი. მე ვპირდები ამ ადამიანებს, რომ უპირველეს ყოვლისა, მათ აღარასოდეს დაემუქრებათ საფრთხე საზღვრებიდან, რომ ეს რაიონი აღარ იქნება ჩიხი, როგორიც ახლა არის, მე ვპირდები მათ, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა მთის კანონი აღსდგეს და მთა არასოდეს დაიცალოს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, რეგიონს უპირველეს ყოვლისა, სწორი განვითარება სჭირდება.

"სავიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში პირველ რიგში ძალიან ინტენსიური მიმოსვლა აღსდგება, რაც რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, გაცილებით მეტი ტურისტი შემოვა, რაც დამატებითი შემოსავლის წყაროა და მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურაც სწორად განვითარდეს, რომ ვიზიტორთა რაოდენობა გაათმაგდეს და გაასმაგდეს. მე ზუსტად ვიცი, როგორ ცხოვრობენ ანალოგიურ რაიონებში და დასახლებულ პუნქტებში ადამიანები, ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ავსტრია, შვეიცარია და სხვა. ბუნებრივია, მე ამ ადამიანებს არ ვპირდები, რომ ჩემი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ერთ წელიწადში ეს მხარე შვეიცარიის მსგავს ქვეყანას დაემსგავსება, მაგრამ ის, რომ ჩვენ ამ მიმართულებით შეგვიძლია სვლა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", – აღნიშნა ბურჯანაძემ.

ყაზბეგის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე პატრიარქის სოფელს სნოს ეწვია.