პაატა ზაქარეიშვილი ერგნეთში მიმდინარე შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს

პაატა ზაქარეიშვილი ერგნეთში მიმდინარე შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მნიშვნელოვანია. 

"ერგნეთში ოთხმხრივი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თავად ის ფაქტია მნიშვნელოვანი, რომ შეხვედრა შედგება. პოლიტიკური თვალსაზრისით, შეიძლება ეს შეხვედრა ნაკლებმნიშვნელოვანია, მაგრამ მნიშვნელოვანია იმ ოჯახებისათვის და იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დაკავებულები არიან. ამ შეხვედრების შემდეგ მათი გათავისუფლება, როგორც წესი, დროულად ხდება ხოლმე," – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით სუჯაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე განხილული იქნება ოკუპირებული ტერიტორიების პერიმეტრზე მავთულხლართების გაბმის საკითხი, ასევე ახალი რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით ოსური მხარის გადაწყვეტილება, რომელიც ახალგორის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას და სასოფლო-სამეურნეო და სხვა ტიპის ტვირთების შეტანის შეზღუდვას ითვალისწინებს.