საქართველოს საგარეო უწყება ჟენევაში სირიასთან მიმართებაში მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება

საქართველოს საგარეო უწყება ჟენევაში სირიასთან მიმართებაში მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ჟენევაში მიღწეულ სირიის ქიმიური იარაღის განადგურების შესახებ ჩარჩო შეთანხმებას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ , დავით ჯალაღანიამ ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელმაც მედიას ამ საკითხზე უწყების განცხადება გააცნო. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო განუხრელად უჭერს მხარს მსოფლიოში მასობრივი განადგურების იარაღის განადგურების ზოგად პრონციპებს.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 14 სექტემბერს ჟენევაში მიღწეულ სირიის ქიმიური იარაღის განდგურების შესახებ ჩარჩო შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმება უპრეცედენტოა, ვინაიდან იგი შესაძლებელს ხდის სირიაში არსებული ქიმიური იარაღის რაოდენობისა და ტიპის ერთობლივ აღრიცხვას და ამისთვის კონკრეტულ და მჭიდრო ვადებს აწესებს", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

როგორც ჯალაღანიამ აღნიშნა, ზემოთ ხსენებული შეთანხმების იმპლემენტაცია გამყარებული იქნება გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ყველა პასუხისმგებელი მხარე სათანადოდ შეასრულებს შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებებს.