ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქართველების სამსახური ავღანეთში იყოს ბოლომდე უზრუნველყოფილი

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქართველების სამსახური ავღანეთში იყოს ბოლომდე უზრუნველყოფილი

ეს ბიჭები არიან ჩვენი ქვეყნის გმირები და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათი სამსახური ავღანეთში იყოს ბოლომდე უზრუნველყოფილი და მათი ოჯახები, ვინც ელოდება მათ, იყვნენ უზრუნველყოფილი სამშობლოში , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ავღანეთში, ქართველ სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მინისტრი ბაზა "ლეზერნეკზე" ოპერატიული დაჯგუფება "ბელავუდის" მეთაურს, პოლკოვნიკ სულ-ლაივანის შეხვდა. რის შემდეგაც ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროებისთვის გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

33-ე ბატალიონისთვის ფონდ "იავნანას" დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის ინიციატივით ანსამბლმა "შვიდკაცამ" კონცერტი გამართა, ისტორიკოსმა გურამ ქართველიშვილმა კი წაიკითხა ლექცია - "გიორგი მეთერთმეტე".

კონცერტამდე ირაკლი ალასანიამ სამხედროებს სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე ბრწყინვალების ორდენი გადასცა, ხოლო ქართველი და ამერიკელ სამხედროებს - უწყებრივი მედლები "გენერალი კვინიტაძე" და "გენერალი მაზნიაშვილი".

"ჩვენ ჩამოვედით ავღანეთში ჩვენს გმირებთან, რომლებიც ასრულებენ საერთაშორისო მისიას. იცავენ საქართველოს ღირსებას და საერთაშორისო უსაფრთხოებას. მადლიერი ვარ ფონდ "იავნანასი", პაატა ბურჭულაძის და ყველა იმ ადამიანის, ვინც ჩვენთან ერთად ჩამოვიდა და ჩვენს მეომრებს კიდევ ერთხელ უთხრა, როგორ უყვართ სამშობლოში. ეს იყო მადლიერების გამოხატვა ჩვენი ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც ასეთ მძიმე პირობებში იხდიან საკუთარ ვალს სამშობლოს წინაშე, ვუსურვებ მათ მისიის ბოლომდე შესრულებას და ოჯახებში სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას. ეს ბიჭები არიან ჩვენი ქვეყნის გმირები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათი სამსახური აქ იყოს ბოლომდე უზრუნველყოფილი და მათი ოჯახები, ვინც ელოდება მათ, იყვნენ უზრუნველყოფილი სამშობლოში",-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ქართველი სამხედროებისთვის გამართულ ღონისძიებას პაატა ბურჭულაძე ესწრებოდა. "იავნანას" დამფუძნებელმა ჯარისკაცებს საჩუქრად ხატები, ლოცვანი და ქართული ნობათი გადასცა.

"უმნიშვნელოვანესი დღეა ჩემს ცხოვრებაში, რადგან ჩამოვედი და ჩემი თვალით ვნახე, როგორ ცხოვრობენ და ემსახურებიან საქართველოს ჩვენი მეომრები. ეს ძალიან დიდი რამ არის. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ და ღმერთმა მშვიდობით ჩამოგვიყვანოს ისინი საქართველოში. მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეუძლია, ჩამოვიდეს და გაამხნევოს ისინი, რადგან ისინი ჩვენს საქმეს აკეთებენ",-აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.