ილია მეორე - სასწავლებლის მიზანი სტუდენტების სულიერი ამაღლება და განათლებაა

ილია მეორე - სასწავლებლის მიზანი სტუდენტების სულიერი ამაღლება და განათლებაა

სასწავლებლის მიზანი სტუდენტების სულიერი ამაღლება და განათლებაა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე ბრძანა.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით უწმინდესი სიონში პარაკლისს აღავლენს. პარაკლისის დაწყებამდე კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა. პატრიარქმა ბრძანა, რომ დღეს არის ბედნიერი დღე, როცა იწყება სასწავლო წელი.

"ცოდნა აუცილებელია დღევანდელ დღეს, როდესაც მეცნიერებამ და ტექნიკამ ასეთი უზარმაზარი ნაბიჯები გააკეთა წინ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს ყველაფერი ღვთის მიერ არის შექმნილი და ადამიანი რომ მივიდეს სარწმუნოებაში ან ძალიან განათლებული უნდა იყოს ან - უბრალო, რწმენა მიიღოს თავისი უბრალო, სუფთა გულით", - აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
უწმინდესმა ასევე საუბრისას მაგალითი მოიყვანა ორი ასტრონომის შესახებ, რომლებიც მსჯელობდნენ, იყო თუ არა ღმერთი. პატრიარქმა ბრძანა, რომ ერთმა ასტრონომმა მეორეს უთხრა, რომ აკვირდება პლანეტებს და ღმერთი დღემდე ვერსად დაინახა, მეორე ასტრონომმა კი მას მიუგო, რომ მას ავიწყდება, ჩაიხედოს გულში და იქ დაინახავს ღმერთს.

კათოლიკოს-პატრიარქმა პავლოვის სიტყვები მოიშველია, რომელიც ამბობდა, რომ ადამიანს მცირე და დიდი გონება აქვს. უწმინდესის თქმით, მცირე გონება ეს არის ჩვენი აზროვნება, დიდი კი - გული.

"გული გონიერი, წმინდა გული, რომელიც უნდა გახდეს ტაძარი სულისა წმინდისა. აი, ამისთვის ხართ თქვენ მოწოდებული", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცა პროფესორ-მასწავლებლებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, მოსასმსახურე და სასულიერო პირებს.

"ჩვენ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს დავით აღმაშენებლის სიტყვები, როდესაც გაიხსნა გელათის აკადემია. დავით მეფემ თქვა, რომ ეს უნდა იყოს მეორე იურუსალიმი, სულიერების თვალსაზრისით და მეორე ათინა განათლების თვალსაზრისით. ღმერთმა გახსნას ჩვენი გონება, რათა მივიღოთ დიდი სიბრძნე", - ბრძანა უწმინდესმა.