ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი არასრულწლოვანი აღმოჩნდა

ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი არასრულწლოვანი აღმოჩნდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა 112-ში შესული ცრუ შეტყობინების ავტორის ვინაობა ზარის განხორციელებიდან რამდენიმე საათში დაადგინეს. ის ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები არასრულწლოვანი, 2001 წელს დაბადებული მათე ლ. აღმოჩნდა.

სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში ცრუ შეტყობინება 15 სექტემბერს 20:55 საათზე შევიდა. ანონიმური ზარის ავტორმა ცეტრის ოპერატორს სანდრო ეულის ქ. N5ა-ში, "ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ აცნობა.

"შეტყობინებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ შსს-ს შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც მიმდებარე პერიმეტრი ამკრძალავი ლენტით შემოსაზღვრეს და შენობიდან იქ მყოფი პირების ევაკუაცია ოპერატიულად მოახდინეს. ჩატარებული გამნაღმვითი სამუშაობის შედეგად დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა ცრუ შეტყობინებას. ტელეკომპანიის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა",-ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან, შსს კატეგორიულად მოუწოდებს მოქალაქეებს, ცრუ შეტყობინების განხორციელებისგან თავი შეიკავონ.

"აქვე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უახლოეს პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომელიც ცრუ შეტყობინების ავტორების მიმართ კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს",-აცხადებენ შს სამინისტროში.