ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე

ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე "შუახევჰესის" მშენებლობას ჩაუყრიან საფუძველს

პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს, აჭარაში, "შუახევჰესის" მშენებლობას ჩაუყრიან საფუძველს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, მდინარე აჭარისწყლების შენაკადებზე "შუახევჰესის" კასკადის მშენებლობას ინდური კომპანია TaTa Power–ი(40%), ნორვეგიული კომპანია Clean Energy Invest-ი(40%) და IFC InfraVentures-ი(20%) ახორციელებენ, რომელიც საერთაშიროსო საფინანსო კორპორაციამ (IFC), პროექტების ადრეულ სტადიაზე განვითარების მიზნით ჩამოაყალიბა.
ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შპს "აჭარისწყალი ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი ბიორნ ბრანდზაგიხი, Tata Power–ის აღმასრულებელი დირექტორი ანილ სარდანა, Clean Energy Invest-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბორდ მიკელსენი და IFC-ის უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ჟულიენ ტიურო, ასევე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საპარტნიორო ფონდის, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტირებული ნორვეგიის, ინდოეთისა და თურქეთის ელჩები და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მათ შორის "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" (EBRD), "აზიის განვითარების ბანკის" (ADB) და აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მენეჯერები დაესწრებიან.

"შუახევჰესის" დადგმული სიმძლავრე 178 მეგავატია, წლიური გამომუშავება კი 445,1 მლნ კილოვატ საათს შეადგენს. პროექტით გათვალისწინებულია 2 კაშხლისა და წყალსაცავების მოწყობა.
აღსანიშნავია, რომ "შუახევჰესის" მშენებლობის პარალელურად, ინვესტორები კასკადის შემადგენელი "სხალთაჰესის" მშენებლობას იწყებენ. "სხალთაჰესის" დადგმული სიმძლავრე 5,8 მეგავატია, ხოლო წლიური გამომუშავება – წელიწადში 20,8 კილოვატი საათი.

ორივე პროექტის საინვესტიციო ღირებულება 300 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა 2016 წლის მეორე ნახევარში დასრულდება.