არჩევნებამდე მთელი თვეები ვყვიროდი, მნგრეველები მოდიან ხალხნო მეთქი და სასაცილოდ არ ყოფნიდათ

არჩევნებამდე მთელი თვეები ვყვიროდი, მნგრეველები მოდიან ხალხნო მეთქი და სასაცილოდ არ ყოფნიდათ

"იმისათვის, რომ საქართველომ დღეის მდგომარეობით ყველაზე მძიმე ფაქტი დაინახოს, ენგურჰესის შემდეგ საქართველოში ასეთი მასშტაბის მშენებლობა არ ყოფილა, რომელსაც გიგი და მერია აწარმოებდა,"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს თბილისის შემოვლითი რკინიგზის დაკონსერვებული პროექტის ერთ-ერთი მონაკვეთის მონახულებისას ისაუბრა.
სააკაშვილის განცხადებით, "ეს ისტორიული მასშტაბის მშენებლობაა და მისი 80% პრაქტიკულად დასრულებულია, ასობით მილიონია დახარჯული, ამიტომ, მისი ამ ეტაპზე გაჩერება და დაკონსერვება დაუშვებელია".

"რა არის ამ მშენებლობის არსი? მე მინდა თბილისელებმა გაიგონ რას ართმევენ თბილისს, რას ართმევენ თითოეულ თბილისელს. ეს როგორც კი დამთავრდება, თბილისში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება საცობები, ის რაც დედაქალაქის მილიონზე მეტ მაცხოვრებელს ყოველდღიურად ტანჯავს. ამის დამთავრება თბილისში საცობებს ამთავრებს. დღეს მარცხენა სანაპიროდან ჩამოდიან მარჯვნივ, რათა გავიდნენ ქალაქიდან. ამ გზის დამთავრებასთან ერთად, კახეთის გზადკეცილის აეროპორტის ტრასა ოთხხაზიანი ავტობანი ჯდება, გამოდის ქალაქის მარცხენა სანაპიროზე და ჯდება მცხეთის ტრასაზე. ერთი სიტყვით, მთლიანად განიტვირთება მარჯვენა სანაპიროც და მარცხენა სანაპიროც, ჩვენ დავემშვიდობებით საცობებს როცა ეს დამთავრდება. მეორე - ეს არის ახალი უზარმაზარი ტერიტორია თბილისისთვის, სადაც პრაქტიკულად, ქალაქის ახალი ცენტრი აშენდება. არც ვარანცოვის დროს, არც წინა საუკუნეებში, არც საბჭოთა დროს თბილისში ამ მასშტაბის მშენებლობა არ ყოფილა, რომელსაც მერია, გიგი და ჩვენ ყველანი ერთად ვაკეთებდით. რომელ ავადმყოფს მოუვიდა თავში აზრად ამის გაჩერება?! ამას სხვა სიტყვა არ ჰქვია, ამას ჰქვია მხოლოდ ავადმყოფი. უნდა გეზიზღებოდეს შენი ქვეყანა, ბოღმაში და სიძულვილში იხრჩობოდე, სხვა ამას არაფერი არ ჰქვია, რომელმა ბოღმიანმა ავადმყოფმა გააჩერა ეს ისტორიული მშენებლობა?! რატომ?! ასობით მილიონი არის გადაყრილი, ათასობით, ათიათასობით ადამიანი ამით საქმდება. მომიყვანეთ ერთი რაციონალური არგუმენტი ამის გაჩერებისა, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაშენებდით. რა დონის ავადმყოფი უნდა იყო?! ადამიანს, იმ ტვინს, საოცარ სიმახინჯეს არაფერი არ ჰქვია გარდა ავადმყოფისა, ვისაც ეს აზრი თავში მოუვიდა,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქვეყნის პირველი პირის თქმით, "თითოეულმა თბილისელმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს თუ რა დონის და მასშტაბის პროექტის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობამ და ამ მიზნით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის დაკონსერვებულ მონაკვეთზე მოქალაქეებისთვის "ექსკურსიები" უნდა მოეწყოს".

"მე მინდა, რომ თბილისელები ვატაროთ აქ ექსკურსიაზე, როგორც სიმბოლო - რა მოხდა ახლა საქართველოში. მართლა წირვა უნდა გამოუყვანონ ჩვენს ქვეყანას. მე არ მინახია, არ ვიცი მსოფლიოში არც ერთი ავადმყოფი რეჟიმი, რომელიც ამის გაჩერებას გააკეთებდა. არც კომუნისტური რეჟიმი ვიცი ასეთი, არც ფაშისტური, არც განვითარებული და არც განუვითარებელი. მართლა უნიკალურები ვართ ქართველები. მე მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს, აზრზე მოვიდეს, იმიტომ, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ამის გაჩერება რა არის ეს?! მართლა ჭორვილას საცალფეხო ბილიკი ხომ არ ჰგონია ეს?! ეს არის თბილისის მომავალი და თბილისის ერთადერთი გადარჩენა. ეს საქართველოსთვის ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტია. ამაზე ყველას მოეკითხება პასუხი, იმიტომ, რომ ადრე თუ გვიან ეს ბინდი, ეს ანესთეზია გადაივლის და ყველა მიხვდება რა გააკეთეს ამ დღეებში და ამ თვეებში იმ ხალხმა, ვინც მოვიდა სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით. პრაქტიკულად საქართველოს უსპობენ მომავალს. ბათუმის გაჩერებული და დანგრევის გზაზე მყოფი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ლაზიკას პორტი და ეს პროექტი, რომელიც მასშტაბით აღემატება ყველაფერს იმას, რაც კომუნისტებს აუშენებიათ, ჩვენ აგვიშენებია და მეზობელ ქვეყნებში აუშენებია ვინმეს. დღეს საქართველო ძალიან მძიმე საფრთხის წინაშე იმყოფება. რამდენიც არ უნდა აყალბონ ეკონომიკური განვითარების ციფრები, ისევე როგორც დანაშაულის ციფრებს აყალბებენ, ადრე ჭორებს არგებდნენ რეალობას, ახლა ციფრებს არგებენ, აი მაგალითი რატომაც არის განვითარება გაჩერებული. ამხელა მასშტაბის უკვე გაკეთებული მშენებლობაა გაჩერებული. რამდენმა ათეულმა ათასმა ადამიანმა ჩადო აქ შრომა, ენერგია სისხლი და ოფლი. და ასე ვიღაცამ, რომელიც ზის კაბინეტში და ალბათ თვალითაც არ უნახია ეს ყველაფერი, რადგან არასოდეს იქიდან არ გამოდის, ასე ერთი ხელის მოსმით რადგან მიშა და გიგი აშენებდნენ, გაჩერების ბრძანება გასცა. ვის გაუჩერეს?! საქართველოს გაუჩერეს ხომ?! მე და გიგის ხომ არ გაგვიჩერეს?! თბილისს გაუჩერეს. უნდა გეზიზღებოდეს თბილისი მართლა, რომ ეს გააკეთო,"-აღნიშნა სააკაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის თქმით, "მიუხედავად საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგობისა, აღნიშნული რკინიგზის პროექტი მაინც აშენდება, რადგან ეს საქართველოს მომავლის პროექტია და მის განადგურებას ამჟამინდელი მთავრობის შემცვლელები მაინც არ დაუშვებენ და ამ საქმეს ის ხალხი გააგრძელებს, ვისაც საქართველო და თბილისი უყვარს".

"ეს არის იმ ადამიანის გაკეთებული, ვისაც აქვს ზიზღი და სიძულვილი თბილისის და თბილისელების მიმართ და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამ ადამიანს ქვეყნის მომავალი არ უნდა. იშვიათად ვყოფილვარ ასე გაბრაზებული. ეს მართლა ყველა საზღვარს სცდება. ეს არის იმაზე ასჯერ მეტი, ყველაფერი ერთად რაც გაფუჭდა ბოლო თვეებში. მინდა ქედი მოვიხარო ამის მშენებლების წინაშე და ის თბილისი, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად ვაშენებდით, ყველანაირი ბოროტი ზრახვების მიუხედავად, მაინც აშენდება, ეს მინდა პრემიერ-მინისტრს ვუთხრა. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, ეს აშენდება, ოღონდ დროს ნუ გვაკარგვინებს. საქართველო ამას ააშენებს, მთავრობები გამოიცვლება, ჩვენ არ ვიქნებით, სხვა იქნება - აუცილებლად ააშენებს, აუცილებლად დაამთავრებს ამ გზას, აუცილებლად აქცევს თბილისს ჩვენი შვილებისთვის ნორმალურ ქალაქად და აუცილებლად მოვა ის ხალხი და უფრო სწორად, გააგრძელებს ის ხალხი, ვისაც თბილისი უყვარს და არ ეზიზღება და არ სძულს, როგორც იმათ, ვინც ეს შეაჩერა. მართლა საერთაშორისო კომისია უნდა ჩამოვიყვანოთ და შევისწავლოთ სიძულვილის, ბოღმის ავადმყოფობამ როგორ შეიძლება ასე მოკლე ვადაში დააზარალოს ქვეყანა. გეგონება ამ გზას სააკაშვილი წაიღებდა სახლში. მე მინდა თბილისელები ვატაროთ ექსკურსიაზე, ეს უნდა იყოს მუზეუმი იმისა, რა ეპოქა მოვიდა და რა ხალხმა აიღო ხელში გადაწყვეტილების მიღების სადავეები საქართველოში. ეს უკვე აღარ არის ვერტმფრენების გაყიდვა-გამოყიდვა, ეს უკვე არის ჩვენი მომავლისთვის ფუნდამენტური პროექტი, ჩვენს მომავალს გვიჩერებენ ხალხნო. ჩვენ ვაფრთხილებდით ხალხს, რომ მოდიოდნენ მნგრეველები და დაანგრევდნენ და აჰა. არ ვამბობდი, რომ მნგრეველები მოვიდოდნენ?! რამე ახალი გაიგეთ?! მთელი ბოლო თვეები ვყვირდი, რომ მოდიან მნგრეველები ხალხნო მეთქი და სასაცილოდ არ ყოფნიდათ,-დასძიანა პრეზიდენტმა.

სააკაშვილის გნმარტებით, "თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის დაკონსერვება ნიშნავს, რომ ამხელა სამუშაო ზუსტად 2 წელიწადში დაიშლება და ყველაფერი წყალში გადაიყრება, გაყჰვება მტკვარს".

"ამის აშენებით ჩვენი მთავრობა შეიტანდა წვლილს, რომ თბილისში ახალი სატრანსპორტო კვანძი გაჩენილიყო. ამას რომ კეტავდა, მინდა ვკითხო ივანიშვილს, ერთხელ მაინც არ უნდა მოსულიყო და არ ენახა რას კეტავდა?! თუ ვიღაც გუნცაძეების დონეზე უნდა იყოს ამხელა სამუშაო გაჩერებული?! ერთხელ კაბინეტიდან გამოსულიყო, მოსულიყო და ცალი თვალი მაინც შეევლო. ღამღამობით მოვდიოდით ხოლმე, დღე დავდიოდით, დღედაღამე აქ ვიჯექით. ამხელა გადაწყვეტილებას რომ იღებ, რომ აჩერებ, მესმის, რომ თავის შუშის კოლბიდან გამოსვლა არ უყვარს, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაზე მაინც არ უნდა მოსულიყო და საკუთარი თვალით არ ენახა რა პროექტის დაკვლა გააკეთა?! ხალხი არ უნდა მიხვდეს რა ფენომენთან გვაქვს საქმე მართლა?! კაბინეტში ზის და ხელის ერთი გაკვრით მოკლა ამხელა რაღაც ისე, რომ თვალით არ უნახავს. და საერთოდ რა უნახავს, მაგრამ ამის არ დანახვა მართლა როგორ შეიძლება?! ან იქნებ ტელევიზორში მაინც ნახოს ამ მთავრობამ, ტელევიზორი მაინც ჩართონ და დაინახონ რა აშენდა უკვე. ხალხნო, მართლა უნდა მოვიდეთ უკვე აზრზე. წყალსაც წავუღივართ მე და გიგი, მაგრამ ყველაფერი რაც გაკეთდა, ნუ წავაღებინებთ წყალს,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის მშენებლობა დაკონსერვდა. აღნიშნული პროექტის საერთო ღირებულება 280 მილიონ ევროს შეადგენს და სამუშაოების 80% უკვე შესრულებულია.