ტელეკომპანია

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა

ელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს განაღმვითი სამსახურის თანამშრომლებმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე დატოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. დაცვის სამსახურმა თანამშრომლები ტელევიზიაში შეუშვა. გამნაღმველებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ტელეკომპანია "რუსთავი 2"- ში ნაღმის არსებობის შესახებ 112-ში შეტყობინება დაახლოებით ორი სათის წინ შევიდა.

ინციდენტის დროს ეთერში გადაცემა "პოსტ სკრიპტუმი" გადიოდა. მისმა წამყვანმა დავით კიკალიშვილმა არხზე ხანგრძლივი სარეკლამო ჭრის შემდეგ განაცხადა, რომ ტელეკომპანია მაუწყებლობას სათადარიგო სტუდიიდან განაგრძობდა. არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კი შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა, აუცილებლად მოახდინოს მწვავე რეაგირება, როგორც ეს პირველი შემთხევის დროს მოხდა.

"არ მინდა ამის უკან მიზანმიმართულობა ვეძებო. მეორე შემთხვევაა უკვე, სისტემატურობის ნიშანია და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ შეიძლება ეს ბოლო შემთხევა არ იყოს. იმათ გასაგონად, ვინც რეკავს და ვინც აპირებს დარეკვას, მინდა ვთქვა, რომ არავითარი აზრი არ აქვს არც პერსონალურ დონეზე და არც მედიის დონეზე "რუსთავი 2" არ შეშინდება და მის სარედაქციო პოლიტიკას არ გამოცვლის", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში ნაღმის არსებობის შესახებ სატელეფონო შეტყობინება 112-ში რამდენიმე დღის წინაც შევიდა. იმავე დღეს მსგავსი შინაარსის ცრუ შეტყობინებები "ტელეიმედსა" და თბილისის აეროპორტშიც განხორციელდა.