იმპიჩმენტის პროცედურა მარტივდება

იმპიჩმენტის პროცედურა მარტივდება

პარლამენტი იმპიჩმენტის პროცედურას ცვლის და მას ამჟამად მოქმედ წესებთან შედარებით, ამარტივებს. ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დაწყებულია, რომლის ავტორიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი ვახტანგ ხმალაძეა. მთლიანად უქმდება "იმპიჩმენტის შესახებ" დღეს მოქმედი ორგანული კანონი, ხოლო მის ნაცვლად, პარლამენტი ახალ კანონს იღებს, რომელსაც ორგანული კანონის სტატუსი არ ექნება.

თანამდებობის პირთა იმპიჩმენტთან დაკავშირებით შემდეგი სიახლე შემოდის: - მაგალითად, დღეს მოქმედი ნორმის მიხედვით, იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის გადაყენების შემთხვევაში, პარლამენტმა თავდაპირველად კენჭი იმას უნდა უყაროს, განახორციელოს თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტი. თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს, მხოლოდ ამის შემდეგ დადგება კენჭისყრაზე საკუთრივ იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. პარლამენტში ინიცირებული პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული შუალედური პროცედურა აღარ იმოქმედებს და საკონსტიტუციო სასამართლოდან შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ, პარლამენტი პირდაპირ საბოლოო გადაწყვეტილებას უყრის კენჭს.

თანამდებობის პირთა იმპიჩმენტის წესებთან დაკავშირებით სიახლეა ისიც, რომ პროცესში უზენაესი სასამარლო ჩართული არ იქნება და თანამდებობის პირის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის შემთხვევაში, საკითხი დასკვნისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცემა.

ასევე პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე წარდგინება დასკვნისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში, ნაცვლად ამჟამად განსაზღვრული 30 დღისა, შვიდი დღის ვადაში უნდა შევიდეს.

გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოდან დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 15 დღისა უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს, ხოლო დასკვნა დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს სამი საათისა, უნდა ეცნობოს შესაბამის თანამდებობის პირებს.
იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლოდან დასკვნის მიღების დროს მორიგი რიგგარეშე სესია არ მიმდინარეობს, პროექტის თანახმად, პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნა წარედგინება.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, იმპიჩმენტის პროცედურებთან დაკავშირებული ცვლილებები იმ ახალმა საკონსტიტუციო ნორმებმა განაპირობა, რომელიც ძალაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შედის.

ცნობისთვის, თანამდებობის პირთა იმპიჩმენტის საფუძველი შეიძლება გახდეს ისეთი ქმედება, როგორიცაა: კონსტიტუციის დარღვევა და სისხლის სამართლის დანაშაული. პარლამენტს შეუძლია იმპიჩმენტის წესით გადააყენოს პრეზიდენტი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მთავრობის წევრი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი.