გიგი უგულავა - რკინიგზის პროექტს ალტერნატივა არ აქვს და დაკონსერვებაც ფული ღირს

გიგი უგულავა - რკინიგზის პროექტს ალტერნატივა არ აქვს და დაკონსერვებაც ფული ღირს

ხალხის დასაქმებისთვის, ქალაქის განვითარებისთვის, ტრანსპორტის გავლისა და ეკოლოგიური უსაფრთხოებისთვის თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტს ალტერნატივა არ აქვს , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად თბილისის შემოვილითი რკინიგზის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. უგულავას განმარტებით, ამ პროექტს სამი ძირითადი კომპონენტი აქვს.

"პირველი ეს არის 100 ჰექტარი გამოთავისუფლებული ტერიტორია, სადაც რეალურად არის თბილისის განვითარების რესურსი. მეორე არის ის, რომ რკინიგზის გარშემო მცხოვრები ადამიანებისთვის უბრალოდ გაუსაძლისია ცხოვრება, იმიტომ, რომ პრაქტიკულად რელსზე გძინავს და იქ ძირითადად ყველა სახლი ავარიულია. ამიტომ, მათთვის ეს იყო სასიცოცხლო მნიშვნელობის პროექტი. მესამე და მთავარი კომპონენტი არის უსაფრთხოება. ყოველდღიურად დაახლოებით ათიათასობით ტონა ნავთობპროდუქტი გადაეზიდება მთელი ქალაქის მასშტაბით. სამწუხაროდ, 5 თვის წინ იყო შემთხვევა, როდესაც ლილოსთან დაღვრაც მოხდა. ღმერთმა დაგვიფაროს და ქალაქში ეს მოხდეს, ფაქტობრივად ქალაქის ცენტრში იღებ ეკოლოგიურ კატასტროფას",-განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, თითქოს ეს რკინიგზა თბილისის ზღვასთან ახლოს არის. როგორც უგულავამ აღნიშნა, ყველაფერი გათვილილია და რკინიგზა აბსოლუტურად უსაფრთხო ადგილებში გადის.

"ის მთლიანად მოშორებულია თბილისს და თბილისის წყალმომარაგებასაც. ეს რომ არ ყოფილიყო დაწყებული, შეიძლება ფურცლებზე გველაპარაკა, მაგრამ მთვარია ის, რომ დაახლოებით 7 გვირაბი, 9 ხიდი და მთლიანად მთელი მაგისტრალი გაკეთებულია. დარჩენილია ბოლო სამუშაოები და ეს არის თვითონ რკინიგზის ტერიტორიის მოწყობა",-განაცხადა უგულავამ. მისივე თქმით, ამ პროექტის მშენებლობა რომ არ შეჩერებულიყო, წელს უკვე დამთავრებული იქნებოდა და აქ უკვე რკინიგზას უნდა ევლო.

რაც შეეხება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პროექტის კონსერვაცია მოხდა, უგულავას განცხადებით, დაკონსერვება ნიშნავს ტყუილად ფულის ხარჯვას, იმიტომ, რომ დაკონსერვებაც ფული ღირს.

"ეს არ არის კონსერვაცია, რომ არის ამოშენებული იმისათვის, რომ ვთქვათ ძროხა ან ადამიანი არ შევიდეს. კონსერვაციას თავისი რეჟიმი აქვს. 1992 წელს რომ დაკონსერვდა მეტრო "უნივერსიტეტის" მაღლივი სადგური, დღემდე დაკონსერვებულია და ახლა დავიწყებთ მის მშენებლობას. დაახლოებით 10 მილიონია დახარჯული მარტო დაკონსერვებაზე. აქ ბევრად მეტი დაჯდება, იმიტომ, რომ ეს უფრო მასშტაბურია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი დღეს იქნება, ხვალ თუ ზეგ, აუცილებლად უნდა გაკეთდეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სხვანაირად თბილისი ვერ განვითარდება",-აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, ერთადერთი არგუმენტი, რაც მოისმინეს, არის ის, რომ ეს მომგებიანი არ არის რკინიგზისთვის. "სუფთა მათემატიკური კალკულაციით რომ გავაკეთოთ, შეიძლება ითქვას, რომ რკინიგზისთვის მომგებიანი არაა. მაგრამ, ამ პრინციპით რომ ვიხელმძღვანელოთ, მაშინ სამგზავრო მთლიანი გადაზიდვა არის წამგებიანი, მაგრამ ხომ არ ვაუქმებთ სამგზავრო გადაზიდვას? რკინიგზისთვის მომგებიანი არის მხოლოდ ტვირთებისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა. ეს არგუმენტი კი არის უსუსური. მთავრობა იმისთვის არის, რომ თუ წამგებიანია, უნდა დაუბალანსოს",-განაცხადა უგულავამ.