მიხეილ სააკაშვილი - მინდა მივმართო პრემიერს, აზრზე მოვიდეს

მიხეილ სააკაშვილი - მინდა მივმართო პრემიერს, აზრზე მოვიდეს

მინდა მივმართო პრემიერს, აზრზე მოვიდეს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, როდესაც დედაქალაქის მერთან, გიგი უგულავასთან ერთად თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის ადგილზე იმყოფებოდა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, დღეს იქ ჟურნალისტები შეკრიბა იმისთვის, რომ საქართველოს დაანახოს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფაქტი დღევანდელობის. პრეზიდენტის განცხადებით, ენგურჰესის შემდეგ საქართველოში არ ყოფილა ასეთი მასშტაბის მშენებლობა, რომელსაც დედაქალაქის მერია და მერი გიგი უგულავა აწარმოებდა. სააკაშვილის განცხადებით, შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა ისტორიული მასშტაბის მშენებლობა იყო. მისი მშენებლობის 80% დასრულებულია, ხოლო ამაში ასობით მილიონი ლარია დახარჯული.
"მე მინდა თბილისელებმა გაიგონ, რას ართმევენ თბილისს. ეს პროექტი როგორც კი დამთავრდებოდა, თბილისში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება საცობები. მეორე არის ის, რომ ეს არის ახალი ტერიტორია, სადაც აშენდება შენობები და პრაქტიკულად ქალაქის ახალი ცენტრიც შენდება. არც ვორონცოვის დროს, არც წინა საუკუნეებში, არც საბჭოთა დროის თბილისში არ ყოფილა ამ მასშტაბის მშენებლობა. რომელ ავადმყოფს მოუვიდა თავში ამის შეჩერება. უნდა გეზიზღებოდეს შენი ქვეყანა, რომ ეს ისტორიული მშენებლობა გააჩერო. რატომ გააჩერეს?! მომიყვანეთ ერთი რაციონალური არგუმენტი, გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაშენებდით. მე მინდა თბილისელები აქ ექსკურსიაზე ვატარო, როგორც სიმბოლო, რა მოხდა. მე არ მინახავს მსოფლიოში არც ერთი ავადმყოფი რეჟიმი, რომელიც ამას გააკეთებდა. არც კომუნისტური, არც ფაშისტური, არც განვითარებული და არც განუვითარებელი. მე მინდა მივმართო პრემიერს, აზრზე მოვიდეს, იმიტომ, რომ ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება. მართლა ჭორვილას საცალფეხო ბილიკი ხომ არ ჰგონია ეს. ეს არის თბილისის მომავალი. საქართველოში ყველაზე დიდი ეკონომიკური პროექტი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, ადრე თუ გვიან "ეს ბინდი გადაივლის" და ყველა მიხვდება, რა გააკეთა ამ თვეებში ამ ხალხმა, ვინც სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოვიდა საქართველოში.

პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო დღეს მძიმე საფრთხის წინაშეა. "რამდენიც არ უნდა აყალბონ ეკონიმიკური განვითარების ციფრები, როგორც აყალბებენ დანაშაულის ციფრებს, აი, რატომ არის გაჩერებული განვითარება. ვიღაცა ზის კაბინეტში, არ უნახია ალბათ არასდროს არაფერი. არ გამოდის იქიდან. გააჩერეს ეს პროექტი, რადგან მიშა და გიგი აშენებდნენ. ეს იმის გაკეთებულია, ვისაც თბილისი სძულს და ქვეყნის მომავალი არ უნდა. მე იშვიათად ვყოფილვარ ასე გაბრაზებული. ეს ყველა საზღვარს სცდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
დღესვე პრეზიდენტმა ჟურნალისტებს წარუდგინა მშენებლობის პროექტი და აღნიშნა, რომ ეს მშენებლობა, "ყველანაირი ბოროტი ზრახვების მიუხედავად", მაინც გაგრძელდება და პროექტის მიხედვით დაგეგმილი შენობები აშენდება.

"მინდა ვუთხრა პრემიერს, ოღონდ დროს ნუ გვაკარგვინებს. მართლა საერთაშორისო კომისია უნდა ჩამოვიყვანოთ და შევისწავლოთ სიძულვილმა და ბოღმამ და ავადმყოფობამ როგორ შეიძლება ქვეყანა დააზარალოს ასე მოკლე ვადაში?!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ივანიშვილისგან აინტერესებს, როდესაც ამ პროექტის შეჩერების გადაწყვეტილებას იღებდა, ერთხელ მაინც რატომ არ მივიდა ამ ტერიტორიაზე და რატომ არ ნახა, თუ რისი მშენებლობის შეჩერებას აპირებდა.

"ამას რომ კეტავდა, ერთხელ მაინც არ უნდა ენახა რას კეტავდა?! თუ ვიღაც გუნცაძეების დონეზე უნდა იყოს ეს ყველაფერი?! ამხელა სამუშაოები გაკეთდა. ერთხელ არ უნდა გამოსულიყო კაბინეტიდან?! არ უნდა მოსულიყო და ცალი თვალი მაინც არ უნდა შეევლო?! მესმის, რომ არ უყვარს გამოსვლა თავის შუშის კოლბიდან, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაზე მაინც არ უნდა მოსულიყო და არ ენახა თავისი თვალით?! კაბინეტში ზის და ხელის ერთი გაკვრით მოკლა იმხელა რაღაცა ისე, რომ თვალითაც არ უნახავს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, იმედია, ახალი მთავრობა ტელევიზორში მაინც ნახავს, თუ რა შეაჩერა. "ხალხნო, აზრზე უნდა მოვიდეთ. წყალსაც წავუღივართ მე და გიგი, მაგრამ ამას ნუ წავაღებინებთ წყალს!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ თუ ამ პროექტის მშენებლობა არ გაგრძელდა, ის აუცილებლად დაიშლება და ჩამოინგრევა.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ შემოვლითი რკინიგზის პროექტის დაკონსერვების გადაწყვეტილება მიიღო.