სერგო რატიანი - განსხვავებული პოლიტიკური ხედვები არ შეიძლება ეხებოდეს საკითხებს, რომლებიც საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს წარმოადგენს

სერგო რატიანი - განსხვავებული პოლიტიკური ხედვები არ შეიძლება ეხებოდეს საკითხებს, რომლებიც საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს წარმოადგენს

თანამედროვე სახელმწიფოს წარმატების ერთ-ერთ საზომს წარმოადგენს ის, თუ რამდენად ბევრ ადამიანს უჩნდება სურვილი გახდეს ამ ქვეყნის მოქალაქე", - აღნიშნული განცხადებით "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სერგო რატიანი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის საფუძველზეც თურქეთის 936 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა.

როგორც რატიანი აცხადებს, გაკვირვებას იწვევს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ნეგატიური დამოკიდებულება და შეფასება პრეზიდენტის ამ ნაბიჯთან დაკავშირებით.

"მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს მოქალაქეობის ქონის სურვილი უჩნდება იმ ადამიანებს, ვისთვისაც საქართველო წარმოადგენს წინაპრების სამშობლოს, ქართული კი წინაპრების ენას, რომელიც მათ შემოინახეს, რომლებსაც აქვთ საქართველოს მიმართ გარკვეული კულუტურული იდენტობა. ამასთან, აქვთ საქართველოში საქმიანი ურთიერთობები. სამწუხაროა, რომ დღეს გვიწევს ახსნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პირების დამოკიდებულებას ქართული სახელმწიფოს მიმართ. სხვას რომ თავი დავანებოთ, ეს ხალხი თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს ჩვენი კულტურისა და ენის პოპულარიზაციის, კულტურათაშორის ურთიერთგაგებისა და დიალოგის, კეთილმეზობლობის კიდევ უფრო განვითარების საქმეში", - აღნიშნა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სერგო რატიანმა.

მისივე განცხადებით, საკითხს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც სწავლობდა და მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი გადაწყვეტილება 1-2 დღეში არ მიუღია. "სამწუხაროა, რომ დღეს უნდა შევახსენოთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს მარტივი ჭეშმარიტება, განსხვავებული პოლიტიკური ხედვები არ შეიძლება ეხებოდეს საკითხებს, რომლებიც საქართველოს ნაციონალურ ინტერესებს წარმოადგენს", - დასძინა სერგო რატიანმა.