ეკატერინე ხვედელიძე პატრიარქის ინიციატივით ჩამოყალიბებულ ტყის განაშენიანების ფონდს უხელმძღვანელებს

ეკატერინე ხვედელიძე პატრიარქის ინიციატივით ჩამოყალიბებულ ტყის განაშენიანების ფონდს უხელმძღვანელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით, ტყის განაშენიანების ფონდი ჩამოყალიბდება, რომელსაც პრემიერ-მინისტრის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ეს იდეა ბიძინა ივანიშვილს პარასკევს შეხვედრისას შესთავაზა და თანხმობა მიიღო. პატრიარქის თქმით, ძველად თბილისის გარშემო მთები ტყით იყო დაბურული და როდესაც მტერი შემოდიოდა, მოსახლეობა ტყეებში იხიზნებოდა. უწმინდესის განცხადებით, ამის გამო მტერმა მთელი ტყეები გადაწვა და ახლა ქალაქის გარშემო ხრიოკი მთებია.

"შეიცვალა ჰაერიც. ამიტომ მე შევთავაზე ბატონ ბიძინას, ჩამოყალიბდეს ფონდი, რომელიც ტყის განაშენიანებას მოემსახურება. ტყე ჩვენი ფილტვებია, ჩვენი ჯანმრთელობა და ჩვენი კარგი მომავალი. ვთხოვე ბატონ ბიძინას, ამას სათავეში ჩაუდგეს ქალბატონი ეკატერინე ხვედელიძე, პრემიერ-მინისტრის მეუღლე. მათ თანხმობა თქვეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალგაზრდებმა ამ საქმეში აქტიური მონაწილეობა მიიღონ", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, მისი ინიციატივით, ახალგაზრდები ყოველ დარგულ ნერგზე 0.50 თეთრს მიიღებენ. "სტუდენტებს სჭირდებათ დახმარება და მე ვთხოვე ბატონ ბიძინას, ჩვენს ახალგაზრდებს ყოველ დარგულ ნერგზე მიეცეთ 50 თეთრი. ეს მათ სწავლისა და არსებობისთვის დაეხმარებათ. ახალგაზრდობასაც ექნება ინტერესი. ამასთან ერთად, ფონდი გააკეთებს ყველაფერს, რომ ნერგების ზემოთ იყოს წყლის რეზერვუარი და ყველა ნერგის ძირში ჩადიოდეს წვეთოვანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი ნერგი გაიხარებს. ყოველმა ახალგაზრდამ შეიძლება დღეში დარგოს 20 ნერგი და მიიღოს შესაბამისი გასამრჯელო, რომელსაც შესაძლოა დახმარება ვუწოდოთ. მე დიდად კმაყოფილი დავბრუნდი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრიდან და იმედით ვუყურებ მომავალს. ღმერთმა ინებოს, მოგვეცეს გული გონიერი, რათა ყველაფერი გავაკეთოთ ღვთის სადიდებლად და სამშობლოს სასარგებლოდ", - ბრძანა უწმინდესმა.