მიხეილ სააკაშვილი - ერთადერთი მოქმედი ვერტმფრენები ივანიშვილის საკუთრებაშია

მიხეილ სააკაშვილი - ერთადერთი მოქმედი ვერტმფრენები ივანიშვილის საკუთრებაშია

დღეს საქართველოში ერთადერთი მოქმედი ვერტმფრენები არის პრემიერ-მინისტრის საკუთრებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების მიერ შეძენილი ვერტმფრენები კი - საქართველოს საკუთრებაშია.

"პრემიერისთვის ეს არის გადაადგილების საშუალება, ჩვენ კი ვერმფრენები გვინდოდა საქართველოსთვის, გადაგვეყვანა ტურისტები, მაშველები, ხალხი გადაგვერჩინა. ჯიბრში კი არ უნდა ჩავუდგეთ ერთმანეთს, უნდა ვემსახუროთ საქართველოს განვითარებას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ქონება, რომელიც გაგვაჩნია უნდა გავუფრთხილდეთ.
მისი თქმით, ადვილია ლოზუნგების გაკეთება "ხალხს შია და რა დროს ვერტმფრენების შეძენაა", თუმცა მისი თქმით, ვერტმფრენების შეძენა ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს, რითაც რეგიონებში მოსახლეობას შემოსავალი გაუჩნდა.

"კონტრაქტის მიხედვით, დამატებითი სამი ვერტმფრენიც უნდა ჩამოვიყვანოთ და ჩვენ გვეყოლება 8 ევროპული მანქანა. საქართველოსთვის ეს ფლოტია. ეს გაგვყვება შედგომი 40-50 წელიწადი. პრეზიდენტები გამოიცვლებიან, პრემიერები გამოიცვლებიან და ესენი დარჩებიან", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, სახელმწიფოს პრივატიზაცია დაუშვებელია.

"დღეს, პრემიერი გვეუბნება, რომ ვერტმფრენები შეუძლია ჰყავდეს მხოლოდ მას და მხოლოდ პირადი მომსახურებისთვის. მას რომ ჰყავს რამდენიმე ცალი, ჩვენ რა ამით? ხალხს რა ამით? მაშველებს რა ამით? ჯარს რა ამით? მარტო მას უნდა ჰყავდეს ვერტმფრენი? პრეზიდენტის სასახლე არ უნდა არსებობდეს და მარტო მას უნდა ჰქონდეს სასახლე, ამას ჰქვია ფეოდალიზმი. ფეოდალიზმის დროდან 21-ე საუკუნეში უნდა გადმოვიდეთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.