შსს - ბათუმში პოლიციას ცეცხლი რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევმა გაუხსნა

შსს - ბათუმში პოლიციას ცეცხლი რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევმა გაუხსნა

პირი, რომელმაც ბათუმში, პოლიციის მისამართით ცეცხლი გახსნა, რუსეთის მოქალაქე იუსუფ ლაკაევია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ გამართულ ბრიფინგზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ლაკაევი საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურად იმყოფებოდა და ამავე გზით აპირებდა თურქეთში გადასვლას.
ნინო გიორგობიანის თქმით, 13 სექტემბერს, შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 1993 წელს დაბადებული ფირუზ წულუკიძე, ქ. ბათუმში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქეს მალავდა.

მისივე თქმით, მოქალაქე, რომელსაც წულუკიძე მალავდა, საქართველოს საზღვრის გვერდის ავლით, უკანონოდ უნდა გადაეყვანა თურქეთის რესპუბლიკაში. მათ აღნიშნულ საქმიანობაში დახმარებას ასევე ბათუმში დროებით მცხოვრები, 1969 წელს დაბადებული თემურ ბახუნტარაძე უწევდა.

"აღნიშნული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შსს-ს კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლებშიც მონაწილეობა შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოსა და აჭარის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიიღეს. ამავე დღეს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქალაქ ბათუმში პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა შეაჩერა იმ დროისთვის დაუდგენელი პირი, რომელსაც ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა მოსთხოვეს. აღნიშნულმა პირმა ხელჩანთიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და პოლიციელების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. თავდამსხმელმა მიმალვა სცადა, რა დროსაც რამდენიმე უმისამართო გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაიჭრნენ ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ–გამომძიებელი ი.დ და მოქალაქე ე.ხ; პოლიციამ გახსნა საპასუხო ცეცხლი თავდამსხმელის მისამართით, თავდამსხმელი დაიჭრა. 

სამართალდამცველებმა თავდამსხმელიც და მისი თანხმლები პირები - ფირუზ წულუკიძე და თემურ ბახუნტარაძე ადგილზევე დააკავეს.
სამივე დაჭრილი გადაიყვანეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათ სიცოცხლეს ამ დროისათვის საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა გიორგობიანმა.

მისი თქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულია: SPRYNGFIELD ARMORY-ს მარკის პისტოლეტი, 19 ვაზნა, 1 ტყვიის გულა, ერთი დანა და მობილური ტელეფონი. ამოღებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციიდან დადგინდა, რომ თავდამსხმელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, საქართველოში არალეგალურად მყოფი, 1988 წელს დაბადებული იუსუფ ლაკაევია. ხოლო ლაკაევის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მისი კუთვნილი ფულადი თანხა და 19 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს", - განაცხადა გიორგობიანმა.

ამასთან, ნინო გიორგობიანის თქმით, თემურ ბახუნტარაძეს დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ერთი ხელყუმბარა. ხოლო, ფირუზ წულუკიძის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია თვითნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი, ხის ტარით და ლითონის კონსტრუქციის სავაზნე კოლოფით, 6 სხვადასხვა ფორმისა და შეფერილობის დანა ქარქაშებითა და ღვედებით, 2 სამხედრო შეფერილობის ზურგჩანთა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის გაწევისა და პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმის ბრალდებით მიმდინარეობს, რაც გათვალისწინებულია სსკს-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 353 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით.