ოლენა ტრეგუბი, "KyivPost"
”ნარინჯისფერი რევოლუციის” შვიდი წლისთავზე, როდესაც უკრაინის საზოგადოება კიდევ ერთხელ სინანულით იხსენებს უკეთესი ცხოვრების დაკარგულ შანსს, საინტერესო იქნებოდა ჩვენი შედარება იმ პოსტსაბჭოთა მეზობლებთან, ვინც ფერადი რევოლუციები ჩვენსავით გამოსცადა.
უკრაინისთვის, პოსტრევოლუციური წარმატების მოდელი, რაღა თქმა უნდა, საქართველოა. ბევრი უკრაინელი საქართველოში მოგზაურობისას, რეფორმების მიღწევებს ხედავს: შუშის ხიდებს, სამინისტროებს და საცხოვრებელ სახლებს a-la სინგაპური…
უეჭველია, საქართველო ”ვარდების რევოლუციამდე” და ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ორი სხვადასხვა ქვეყანაა. მიხეილ სააკაშვილის მთავარ მიღწევებს ერთხმად აღიარებს ყველა, მისი მოპონენტებიც და მხარდამჭერებიც, მაგალითად ბრძოლას კრიმინალთან და კორუფციასთან, რასაც რიგითი მოქალაქე ჩვეულებრივ ”წესრიგის აღდგენას” უწოდებს.
”ნარინჯისფერი რევოლუციის” მარცხს ხშირად ხსნიან სამოქალაქო საზოგადოების სისუსტით და იმით, რომ არჩევნების შემდეგ, ადამიანები მყისიერად დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს იმის ნაცვლად, რომ ეკონტროლებინათ ახლად არჩეული მთავრობა და გარდაქმნები მოეთხოვათ. ყველას ”ნარინჯისფერი რევოლუციის” ლიდერების იმედი ჰქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ლიდერებს ძირეული ცვლილებების უნარი არ გააჩნდათ.
მაგრამ არც ის იქნება სწორი, თუ საქართველოს წარმატებას იმით ავხსნით, რომ აქ მოქალაქეებს უფრო მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ, ვიდრე უკრაინელებს.
საქართველოს ”ვარდების რევოლუციის” შემთხვევაშიც ბევრი რამე ისე განვითარდა, როგორც უკრაინაში. ხალხი მთლიანად ენდობოდა თავის მთავრობას. სხვა თუ არაფერი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და მედია ჩვენსაზე უფრო სუსტია. სამთავრობო რეფორმები მხოლოდ იმიტომ ჩატარდა, რომ ასეთი იყო ქართველი ლიდერების, კონკრეტულად კი სააკაშვილის ნება. საზოგადოების სუსტმა კონტროლმა, პოსტრევოლუციური უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოში საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთ სფეროებზე იქონია გავლენა, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია.
ნარინჯისფერი ლიდერებისგან განსხვავებით, პირველი ოთხი წლის განმავლობაში ქართულმა მთავრობამ მართლაც დაიწყო ქვეყნის ტრანსფორმირება და განვითარება. მაგრამ მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი დაშლის შემდეგ 2007 წელს და 2008 წელს რუსეთთან ომში დამარცხების შემდეგ, მთავრობა მხოლოდ თვითგადარჩენაზეა კონცენტრირებული – დაწყებული საერთაშორისო PR ძალისხმევით და დამთავრებული რადიკალური სამართალდამცავი ზომებით ქვეყნის შიგნით.
საქართველოში პირველად ჩავედი. თბილისის კომფორტაბელურ აეროპორტში ჩავფრინდი და ბუშის ახალი გზატკეცილით პირდაპირ ქალაქის ახლად ნაგები, განათებული ცენტრისკენ გავემგზავრე.
ტაქსის მძღოლი უკვე იკვეხნიდა იმას, რომ აღარავინ სთხოვს ქრთამს და შეუძლია ღამით მშვიდად იძინოს ღია კარში. პირველ რიგში, ძნელი დასაჯერებელია, რომ შენ კავკასიის იმ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში იმყოფები, რომელიც ოდესღაც კრიმინალის აკვანს, თითქმის შეუმდგარ სახელმწიფოს წარმოადგენდა და თავის მოქალაქეებს ელექტროენერგიითაც კი ვერ უზრუნველყოფდა. განცდა ისეთი იყო, თითქოს მოხვდი წარმატების ზღაპრულ ოაზისში, რომლის იდენტიფიცირებაც პოსტ-საბჭოთა რეალობასთან უკვე ძნელია. ყველაფერი ანათებს, ყველაფერი თანამედროვეა, ინგლისურენოვანი წარწერებით, ყველაფერი ხალხისთვისაა ისე, როგორც ეს უნდა იყოს კიდეც. მაგრამ თუ საქართველოში ცოტა დიდხანს დარჩები, ტურისტულ ცენტრს გასცდები და იმის გაგებას შეეცდები, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი, ეს უტოპიური შთაბეჭდილება მალე გაგიქრება.
საქართველოში ყოფნისას, ბევრ ნაცნობს და უცნობს ველაპარაკე: ტაქსის მძღოლებს, გამყიდველებს, გლეხებს, აფხაზ ლტოლვილებს, ჟურნალისტებსა და ჩინოვნიკებს. ამ საუბრებით არკვევ, რომ ქართული დემოკრატიისა და პროგრესის კაშკაშა ფასადს მიღმა, აქ დრმოჭმული საბჭოთა სული ტრიალებს: შიშის, ზეწოლის, სახელმწიფოზე დამოკიდებულების, იმის, რომ ვერ დაიცავ ადამიანისა და სამოქალაქო უფლებებს.
როდესაც ქართველებს ველაპარაკებოდი, განსაკუთრებით ერთმა რამემ გამაოგნა: ყოველთვის, როდესაც ადამიანი კრიტიკულად იყო განწყობილი ხელისუფლებისადმი, აუცილებლად მეკითხებოდა, დარწმუნებული ვარ თუ არა იმაში, რომ მისი სურათი ან სახელი არ გამოჩნდება სტატიაში. ”რატომ გეშინიათ?” – ვეკითხებოდი გაოცებით. აი პასუხები, რომლებსაც ვისმენდი: ”ისინი სოციალურ დახმარებას შემიწყვეტენ,” ”საგადასახადო ინსპექციას გამოაგზავნიან ჩემს კომპანიაში”, ”სახელმწიფო სამსახურში ჩემი ნათესავი მუშაობს და ჩემს გამო შეიძლება დაითხოვონ”, და ა.შ.
მე ვერ განვსჯი, მართლა შექმნა თუ არა საქართველომ ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმი, ერთპარტიული პოლიტიკური სისტემა და აქვს თუ ხალხის შიშს რაიმე საფუძველი. შესაძლოა უბრალოდ ასეთია მათი პოსტ-საბჭოთა ფსიქოლოგია, რომელიც ვერ გარდაიქმნა თავისუფლების 20 წლის განმავლობაში. მაგრამ ამბავი იმ ქართველისა, რომელმაც ამ შემოდგომაზე გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა და რომელსაც სააკაშვილის მთავრობისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს, იმის დასტურია, რომ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ატმოსფეროს ძნელად უწოდებ ლიბერალურს.
მე, რაღა თქმა უნდა, იდუმალებით მოცულ ქართველ ოლიგარქზე, ბიძინა ივანიშვილზე ვლაპარაკობ. მან განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიის შექმნის სურვილი აქვს. ხელისუფლების რეაქცია მყისიერი იყო: ივანიშვილს და მის ცოლს ჩამოართვეს მოქალაქეობა და მის ბანკს, ”ქართუს”, ფულის გათეთრების ბრალდებით, რამდენიმე მილიონი ევრო ჩამოართვეს. ახლა ივანიშვილს მხოლოდ პოლიტიკური მოძრაობის ”ქართული ოცნების” დაფუძნება შეუძლია, მაგრამ, თუ მოქალაქეობას არ აღუდგენენ, პარტიას სათავეში ვეღარ ჩაუდგება.
მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ქართველმა $5 მილიარდის ქონება ელცინის ეპოქაში, რუსეთში ბიზნესის წარმოებით დააგროვა, მას ინვესტირება არ განუხორცილებია, მაგრამ გაიღო შეწირულობები მშობლიური საქართველოსთვის. მან აღადგინა შუასაუკუნეობრივი ტაძრები, თეატრები, სათამაშო მოედნები, და მის მშობლიურ რაიონში, საჩხერეში მდებარე სამხედრო ბაზაც კი. ამბობენ, რომ ქართველი ჩინოვნიკების ხელფასებიც, რომლებსაც, როგორც ადრე იყო ცნობილი, ამერიკელი ფილანტროპი ჯორჯ სოროსი იხდიდა, სავარაუდოდ ივანიშვილის გადახდილია.
როდესაც ამ ლეგენდარულმა კაცმა განაცხადა, რომ მას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ყოფილ ელჩთან, ირაკლი ალასანიასთან და მის ზომიერ პარტიასთან, ”თავისუფალ დემოკრატებთან” თანამშრომლობა (იგულისხმეთ: ”დაფინანსება”) უნდა, მთავრობა შეშინდა. რევოლუციის შემდეგ პირველად გაჩნდა იმის შანსი, რომ მომავალ არჩევნებზე (2012 წელს – საპარლამენტო და 2013 წელს- საპრეზიდენტო) აღარ იარსებებს ერთი მსახიობის თეატრი და მართლაც შედგება რეალური პოლტიკური კონკურენცია.
ფაქტობრივად, მისი პრეზიდენტობის თითქმის 10 წლის განმავლობაში სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკურ არზენაზე მარტო იყო. მას მოსკოვთან უხდებოდა ბრძოლა, მაგრამ შინ სერიოზული ოპონენტები არ ჰყავდა. არსებითად ჭრელ და არაგავლენიან ოპოზიციას აღიქვამდნენ, როგორც ინფანტილურს, მარგინალურს და, რაც კიდევ უფრო უარესია, რუსეთის დაქირავებულ ძალად მიიჩნევდნენ.
”მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედია და საჯარო დისკურსი ასეთ სტერეოტიპს უჭერს მხარს: ”ხელისუფლება მთლიანად თანამედროვე, პროგრესული, პრო-დასავლურია, ხოლო მთავრობის ოპონენტები ლუზერები არიან,” ამბობს დასვლური ფონდების მიერ დაფინანსებული საინფორმაციო ვებ-გვერდის, ”ლიბერალის” რედაქტორი შორენა შავერდაშვილი.
”მოქალაქეებს არ უნდათ იმის აღიარება, რომ ოპოზიციაში არიან” – აღნიშნავს ყოფილი ქართველი ჩინოვნიკი, რომელიც ახლა კერძო სექტორშია დასაქმებული – ”ეს თითქმის იმის აღიარების ტოლფასია, რომ სექსუალურ უმცირესობას განეკუთვნები.” და ეს ხდება მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მთავრობისადმი უკმაყოფილების მიზეზები საკმაოზე ბევრი დაგროვდა.
თუ გავითვალისწინებთ ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებულ კრიტიკას, მაგალითად სანდრო გვირგვლიანის მკვლელობას პოლიციის მიერ (კიდევ უფრო თავზარდამცემს, ვიდრე ეს იგორ ინდილოს შემთხვევა იყო უკრაინაში), , გადავსებულ ციხეებს, ცხადი გახდება, რომ რიგით ადამიანებში ოპოზიციის მხარდაჭერის მოტივაცია მატულობს.
საქართველოს მთავარი პრობლემა უმუშევრობის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ოფიციალური მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 15 პროცენტია, მაგრამ რეალურად ამ რიცვხის გაორმაგება ადვილად შეგვიძლია. ასევე დაბალია ხელფასები და პენსიები.
აგრარული რაიონების ინფრასტრუქტურა რეფორმების მიმდინარეობისას არ განახლებულა, ხალხი სიღარიბეში ცხოვრობს. რუსეთის ემბარგო ღვინის ექსპორტზე გლეხებზე ცუდად აისახა. დღეს ისინი ბედნიერად გრძნობენ თავს, თუ მთავრობა მათთგან კილოგრამ ყურძენს $0.30 დოლარად შეიძენს. ვაჭრობის ცალმხრივმა ლიბერალიზაციამ და ადგილობრივი მწარმოებლებისა და ფერმერების დაცვის მექანიზმების დეფიციტმა განაპირობა ის, რომ მათ თურქ და ჩინელ კონკურენტებთან კონკურირება უჭირთ. ამიტომ უამრავი ადამიანი ბორტს მიღმა აღმოჩნდა და ან ნათესავებზეა დამოკიდებული, ან სახელმწიფო შეღავათებზე.
უფრო მეტიც, მიუხედავად მთავრობის მარკეტინგული ძალისხმევისა, საგარეო ინვესტიციათა დონე საქართველოში მაღალი არ არის. ომის შემდეგ უცხოური კაპიტალი საქართველოდან გავიდა: ზოგიერთმა ინვესტორმა არასტაბილურობისა და დაუცველობის გამო დატოვა აქაურობა.
საქართველო საკუთარ თავს რეკლამირებას უწევს, როგორც ისეთ ადგილს, სადაც ბიზნესის წარმოება ადვილია. უფრო სწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ აქ ბიზნესის დაფუძნებაა იოლი – ამას სულ 10 წუთი სჭირდება. მაგრამ შემდეგ, სტატისტიკის თანახმად, რეგისტრირებულ კომპანიათა ნახევარი იხურება. და ეს მხოლოდ ქართული ბაზრის სიმცირის და მოსახლეობის სიღარიბის გამო არ ხდება. იმისთვის, რომ ბიზნესში წარმატებას მიაღწიო, მთავრობისადმი ლოიალური უნდა იყო. მაშინ შენთვის ყველა კარი ღიაა. მაგრამ, თუ ვინმე, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, დათმობაზე არ წავა, ან კიდევ უფრო უარესი, ოპოზიციას მიემხრობა და ”არასწორ” ტელევიზიებში განათავსებს რეკლამას, ის მკაცრი საგადასახადო გამოძიებისა და სხვა ტიპის ზედამხვედველობისთვის უნდა იყოს მზად. ეს აქსიომა, კონკრეტულ მაგალითებთან ერთად, მე სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში მყოფმა ბევრმა ადამიანმა გამიმეორა.
ამ რეალობიდან გამომიდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ივანიშვილი – ადამიანი, რომლის ქონება საქართველოს წლიურ ბიუჯეტს აჭარბებს, ხელისუფლების შეშფოთების საგანი გახდა და არა მარტო იმიტომ, რომ ის ოპოზიციის პოტენციურ დამფინანსებლად მოიაზრება. მან შეიძლება თავად მოიპოვოს პოლიტიკური მხარდაჭერა. გაღატაკებულ მოსახლეობაზე შთაბეჭდილებას ახდენს ის, რომ მას ასეთი ქონება აქვს. რიგითი ადამიანების აზრით, ჯერ ერთი ის, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სახელმწიფოს არ მოპარავს და, მეორც, თავის ფულს მოსახლეობას გაუნაწილებს. ივანიშვილის რიტორიკა შეიცავს არა მხოლოდ სოციალისტურ ელემენტებს, არამედ დაპირებებს იმდენად ჭეშმარიტ დემოკრატიულ გარემოზე, რომ ევროპელებსაც კი შეშურდებათ.
არ არის ცხადი, შეცვლის თუ არა პოლიტიკურ რეჟიმს საქართველოში ივანიშვილის გამოჩენა. სააკაშვილისადმი და მისი ”ნაციონალური მოძრაობისადმი” მოსახლეობაში არაერთგვაროვანი განწყობებია. ხალხი მადლიერია პოსტ-რევოლუციური წლების წარმატებული რეფორმების გამო, მაგრამ ისინი ხედავენ, რომ ძალაუფლებას სულ უფრო ხშირად იყენებენ ბოროტად, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციაა, სამართალდამცავ სტრუქტურებს ორმაგი სტანდარტები აქვთ, ადამიანის უფლებები ირღვევა და მშვიდობიანი შეკრებების ჩატარება იზღუდება.
ის ფაქტი, რომ სააკაშვილი პირველი ქართველი ლიდერია, რომელიც თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე მიიყვანს, მას ისტორიაში პატივსაცემ ადგილს მიაკუთვნებს. თუ ის ქვეყანაში ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემის პრეცედენტსაც შექმნის, ნაცვლად იმის, რომ რუსული ტიპის ”პოლიტიკური ნოუ-ჰაუ” გამოიყენოს, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება დემოკრატიული ცვლილებების შეუქცევადობისათვის. მაგრამ საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენები იმაზე მიანიშნებს, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტს ამგვარი განზრახვა აქვს კიდეც, ის ამას საგულდაგულოდ მალავს
foreignpress.ge
802
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85