„დეზერტირი ხელისუფლება ომის ვეტერანებს ვერ იტანს“

„დეზერტირი ხელისუფლება ომის ვეტერანებს ვერ იტანს“

ომის ვეტერანებისთვის შეღავათების გაუქმების შემდეგ, მათი ჰოსპიტალიც დახურვის პირას აღმოჩნდა. ხელისუფლებას საავადმყოფოს თანამედროვე სამედიცინო აპარატურით გადაიარაღებისთვის ერთი თეთრიც არ გაუღია. „წარმატებებზე“ მთავრობის დაუსრულებელი ბაქი–ბუქი იმწამსვე მთავრდება, როდესაც ვეტერანთა ჰოსპიტალის ზღრუბლს გადავლახავთ.

 

პრეზიდენტ სააკაშვილის 100 (ზოგჯერ 150) ახალი საავადმყოფოს დაპირებამ სრული კრახი განიცადა. ამ ფონზე ადგნენ და ყველა იმ საავადმყოფოს დაერივნენ, რომლებიც „ძველი ტექნიკით“ მუშაობენ. ყურადღებას არ აქცევენ, ეს ტექნიკა ვის ემსახურება და გამართულად მუშობს თუ არა.

 

ასოციაცია „ვეტერანები ვეტერანებისთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საავადმყოფოების შენობებით ვაჭრობას თავი დაანებოს და 2012 წლის ბიუჯეტში ჰოსპიტალის გადაიარაღებისთვის თანხები გამოყოს:

 

„ეს კვერცხებისა და ველოსიპედების ძეგლებზე, ჩვენს მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხების ფლანგვის სანაცვლოდ უნდა გაკეთდეს. რათა ომის ვეტერანებს გადარჩენისთვის ერთადერთი კერა შუანარჩუნდეთ“.

 

ვესაუბრებით ასოციაცია „ვეტერანები ვეტერანებისთვის“ წარმომადგენელ გალინა ოზიაშვილის

 

– ვეტერანთა ერთადერთი სამკურნალო დაწესებულება დახურვის პირასაა. არადა, ის გადაუდებელ შეკეთებას საჭიროებს და არა გაუქმებას.

 

დამსახურებულ ადამიანებს საქართველოში პატრონი არ ჰყავთ. 1995 წლის 17 ოქტომბრის კანონის მოთხოვნები მთლიანად უგულვებელყოფილია. ვეტერანების 80–მდე შეღავათი გაუქმებულია. მხოლოდ ჰაერში გამოკიდებული, 22 ლარიანი შემწეობა არის დარჩენილი.

 

ამას პლიუს, ხელისუფლებამ ვეტერანების პრობლემა სიღარიბის ზღვარის პროგრამას მიაბა, რაც ყოვლად დაუშვებელია. სიღარიბის პროგრამა ხელისუფლების დროებითი ზომაა, ვეტერანი კი უმძიმესი პრობლემების წინაშე რჩება. მისი სტატუსი სრულყოფილად უნდა აღდგეს.

 

იქნებ გაგვარკვიოთ, რა ხდება კონკრეტულად ვეტერანთა ჰოსპიტალის გარშემო?

– ჯანდაცვის სამინისტროდან ჰოსპიტალის ხელმძღვანელობას უკვე შეატყობინეს, რომ 2000 წლამდე გამოშვებული აპარატურა სტანდარტებს არ აკმაყოფილებს და ამ მიზეზით საავადმყოფო შეიძლება დახურული იყოს. ასეთი ორაზროვანი სიტუაციაა და ჩვენ ვიცით, საით მიდის ეს პროცესი.

 

არავინ აპირებს აპარატურის განახლებას, რემონტის ჩატარებას. ეს გახდება მიზეზი იმისა, რომ ბოლოს და ბოლოს შენობა ხელში ჩაიგდონ; მეტი არც არაფერი აინტერესებთ.

 

შარშან, 23 დეკემბერს ჰოსპიტალის დიღომში, რკინიგზის მეორე საავადმყოფოში გადატანაზე იყო საუბარი. ამისთვის მთლიანად სართული გარემონტებული იყო და ვეტერანებს იქ გადაყვანით ატყუებდნენ. ცოტა ხანში კარგად გაკეთებული შენობა გაიყიდა. თუმცა, ზოგი ჭირი მარგებელიაო და ამ პროცესში ვეტერანთა ეს ჰოსპიტალიც გადარჩა.

 

დღეს რა მდგომარეობაშია დაწესებულება?

– საშინელ მდგომარეობაშია; აბა ამაზე სხვა რა შეიძლება ითქვას? ძალიან გთხოვთ, შეხედეთ აქაურ აღჭურვილობას. ელემენტარულად შუშების ჩასმას დიდი რესურსი ხომ არ სჭირდება? დენის პლიტაზე აგური იდოს და ავადმყოფი კაცი ამაზე თბებოდეს,  სად გაგონილა? ყველაფერს ხომ თავისი საზღვარი აქვს?

 

ხელისუფლების ყველაზე დიდი და ამორალური დანაშაული კი ის არის, რომ ვეტერანები, როგორც კატეგორია გაუქმებულია და სიღარიბის ზღვარის პროგრამას ხელოვნურად მიერთებულია.

 

ვინ არის პასუხისმგებელი იმ სავალალო მდგომარეობაზე, რაც ვეტერანთა ჰოსპიტალშია?

– რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო, რომელზეც სამედიცინო კუთხით მიბმულია. არის ასევე ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც მაპატიეთ და „მკვდარზე ვენოკია“. მხოლოდ და მხოლოდ საკანცელარიო დაწესებულებაა. შეგიძლია მიხვიდე და დაგიწერენ ცნობას, რომ ვეტერანი ხარ, მეტი არაფერი. იურიდიული სამსახური ვეტერანის ყველა უფლებას უნდა იცავდეს, არაფერს აკეთებენ.

 

მიმართეთ თუ არა ამ პრობლემებზე პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოებს და რა პასუხები მიიღეთ?

– პირველ იანვრამდე პატარა დრო რჩება და უკანდახევას არ ვაპირებთ. არ არსებობს თუნდაც ჭორად ნათქვამი, რომ ამ ქალაქში არ გამართლდეს. როგორც გითხარით, საუბარია ავადმყოფი ვეტერანების ქუჩაში გაშვებაზე. ამიტომ განგაშის ზარი შემოვკარით.

 

ნატოს თბილისურ წარმომადგენლობაში ვიყავით. დევნილებთან ერთად მივედით და ეს პრობლემა დავაყენეთ. მჭიდრო თანამშრომლობაზე შევთანხმდით. პროცესზე გარედან დაკვირვებას და ყოველდღიურ ბრძოლას ჩვენს თავზე ვიღებთ. ოღონდ ეს მათთან შეთანხმებით და მეთვალყურეობის ქვეშ მოხდება.

 

ამ დღეებში ასევე აშშ–ს საელჩოში ვიყავით, სადაც ჯონ ბასის სახელზე წერილი გადავეცით. ნომერ პირველი მოთხოვნა, ჰოსპიტალის გადარჩენაა. მარჩიელობის იმედად ვერ დავრჩებით და ბრძოლას არ შევწყვეტთ.

 

თუნდაც ახლა, აქ რასაც ვხედავთ, ყოვლად მოუთმენელი მდგომარეობაა. შენობა გადაუდებელ რემონტს და დღევანდელი სტანდარტებიდან გამომდინარე

აღჭურვას საჭიროებს. ეტაპობრივად უნდა გაკეთდეს. ვთქვათ, ნახევარი სტაციონარისთვის გარემონტდეს და მეორე ნახევარს, სარეაბილიტაციო ცენტრს მერე მიხედონ. სათანადო საშუალებებს მოვიზიდავთ, რომ  აქვე რეაბილიტაციის ცენტრიც იყოს.

 

რამდენად გაქვთ ხელისუფლების მხრიდან ადექვატური დამოკიდებულების იმედი?

– ნამდვილად არ გვაქვს და ამაზე ვერ მოგატყუებთ. ამიტომ სამართლიან ბრძოლაში აბსოლუტურად ყველას ჩავრთავთ. მიზანი ერთია – სამშობლოსთვის შეწირული ადამიანებისთვის სამკურნალო დაწესებულების შენარჩუნებაა.

 

კიდევ ერთი მომენტი მინდა აღვნიშნო. ვეტერანები ძალიან მძიმე კონტინგენტია. ომის სინდრომიდან გამოსულები არ არიან. ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია არასოდეს ჰქონიათ, ასეთი სამსახური უბრალოდ არ არსებობს.

 

დიდი ბოდიში, მაგრამ ძალიან ბევრი ჭიქამ შეიწირა. ბევრი გაგიჟდა, იყო თვითმკვლელობებიც. მაგრამ ხელისუფლებას ამ სტატისტიკის წარმოჩენა საერთოდ არ აწყობს.

 

ამ ფონზე, აქაურ ხელფასებზეც გეტყვით. სანიტარის ხელფასი 70 ლარია, რომელზეც მთელი ეს ტექნიკური მხარე გადადის. ექთანი 100 ლარს იღებს, ექიმი 140 ლარს. კვალიფიცირებული, ომგამოვლილი ექიმები არიან. ისინი ღვთის ანაბრად მუშაობენ.

 

არა აღჭურვილობა, არა ტექნიკური საშუალებები, წამლები სახლებიდან მოაქვთ; ეს რეალობაა, ზღაპარი არ არის. მომსახურე პერსონალი ამ ხალხს ეფერება და არსებულ სიტუაციას ზურგით მიათრევენ.

 

უნამუსო, დეზერტირი ხელისუფლება კი ვეტერანებს ვერ იტანს. პრობლემა ზუსტად ამაშია, რადგან ვეტერანები საზოგადოების ყველაზე საშიში და ფეთქებადი ფენაა.