ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი “მაესტროს” მდგომარეობას “იმედთან” აკავშირებს, ხოლო კიწმარიშვილს და ოქრუაშვილს – ხელისუფლებასთან...

ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი “მაესტროს” მდგომარეობას “იმედთან” აკავშირებს, ხოლო კიწმარიშვილს და ოქრუაშვილს – ხელისუფლებასთან...

მას შემდეგ, რაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მცხოვრებ ემიგრანტებს შევხვდი, კიდევ ერთხელ შვიტყვე, რომ მათი დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებზე ბევრად შეიცვალა “მაესტროს” ეთერში ცნობილი პოექტის “საკანი #5”-ის გასვლის შემდეგ.

ამდენად, სხვა საიტებისა და სააგენტოების მასალების გაცნობის პარალელურად, ისინი კვლავაც ინარჩუნებენ “მაესტროსადმი” დიდ ინტერესს. თუმცა, ზოგიერთს მიაჩნია, რომ მაუწყებლობის ხანგრძლივობა საკმარისი არ არის. ბევრი მათგანი დღისით ვერ ახერხებს კომპიუტერთან ჯდომას და საქართველოს შესახებ ამბების გაგებას, ხოლო გვიან ღამით ამის საშუალება (ოპერატიული ინფორმაციის პირდაპირ ეთერში ყურებისა) ძალიან იშვიათია.

ამდენად, ნოემბრის ბოლოს „მაესტროში“ განვითარებულმა მოვლენებმა და მაუწყებლობის შეწყვეტამ. შემდეგ საგანგებო რეჟიმში გადასვლამ, მოლაპარაკებების გაწელვამ და ბოლოს “მაესტროში” ეროსი კიწმარიშვილის მარტო დარჩენამ ბევრი ეჭვი გააჩინა იმ ემიგრანტებს შორის, რომლებსაც დიდი ინტერესი გააჩნიათ, სამშობლოში მიმდინარე პროცესებს თვალ-ყური ადევნონ და უკან წამოსვლი დრო არ გამოეპაროთ. ან უბრალოდ იცოდნენ, რა ვითარებაში ცხოვრობენ სამშობლოში დარჩენილი მათი ოჯახების წევრები.

ჰოლანდიაში მცხოვრები ქალაბატონი ნანა ყოველ ღამე “მაესტროთი“ იგებს ახალ ამბებს. იგი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რაც ახლა ამ ტელე-რადიო კომპანიაში ხდება. მისი აზრით, ეს “იმედის” მიმართ განხორციელებული აქციის განმეორებას გავს. თუმცა, მაშინ ხელისუფლება უპირისპირდებოდა პოლიტიკაში წასულ ბადრი პატარკაციშვილს და ზოგიერთ ჟურნალისტსაც სწორედ ეს ფრაზები ათქმევინეს.

“აქ, განსხვავება ის არის, რომ “მაესტროში” მართვის კომპანიის ხელმძღვანელად მოვლინებული ეროსი კიწმარიშვილის პოლიტიკაში წასვლა არც ხელისუფლების და არც თანამშრომლების მიერ ისე არ იყო აღქმული, როგორც პატარკაციშვილის. ხომ ფაქტია, რომ ხელისუფლება ამჯერად სწორედ “ოპოზიციური პარტიის” წარმომადგენელს და ემიგრაციაში გაშვებული “საშიში პოლიტიკოსის” მითითებებით მოქმედ კიწმარიშვილს უზრუნველყოფს დაცვითა და მოქმედებების თავისუფლებით.

აბა სად გაგონილა, კაცი ტელევიზიის ეზოში ღობიდან გადაძვრა და მისი დასჯის ნაცვლად, პოლიციამ იმ თანამშრომლების მიმართ დაიწყო შენობაში შესვლის აკრძალვა, ვინც პოლიციას დახმარებისათვის მიმართა?.. ვის მითითებებს ასრულებენ, ან რატომ ბლოკავენ ტერიტორიას? პოლიციელები ამ კითხვებს ისევე არიდებენ თავს, როგორც შევარდნაძის მმართველობის დროს.

მე მაინტერესებს მთავარი – რატომ ბედავს ეროსი კიწმარიშვილი ამდენს, როცა ტელე-რადიო მაუწყებლობის თანამშრომლები დამფუძნებლების მხარეს არიან? რატომ დაატოვებინეს თავიანთი წილები გაჩეჩილაძეებს? და, საერთოდ, მაკა ასათიანმა თავისი ფინანსური შესაძლებლობები რატომ არ გამოიყენა 2 წლის წინა, როცა მამუკა ღლონტი, როგორც ამბობს, იძულებული იყო, “მაესტროში” მართვის ბერკეტები გადაეცა კიწმარიშვილისთვის, რომელიც „რუსთავი 2“-ის გამოყენებით “ვარდების რევოლუციის” შემოქმედი და მიშას გაყალბებული არჩევნების “გაპრავების” ავტორია?

კიწმარიშვილი რომ ისევ ისაა, რაც 10 წლის წინ იყო, ამაზე, მგონი, მისი მართვის კომპანიის სახელში “რუსთავის” არსებობაც მიანიშნებს. რატომ ჰქონდათ მაშინ იმედი მის ძველ დამფუძნებლებს, რომ კიწმარიშვილი დამოუკიდებლობას და ობიექტურობას შეუნარჩუნებდა ამ მედია-საშუალებას. ეს ხომ ნაცადი ხერხია?

მას მერე, რაც “მაესტროში” ეს აურ-ზაურია და კიწმარიშვილის, თვალთმაქცობას, ტყუილსა და დემაგოგიას საზღვარი არა აქვს, მე სულ ველოდები, რომ ხვალ, თუ ზეგ, “მაესტროს” გამოთავისუფლებულ შტატებს სხვა სახელისუფლებო ტელევიზიებიდან გადმოყვანილი კორესპონდენტები დაიკავებენ და მივიღებთ “იმედი 2”-ის ვარიანტს” – ასე ფიქრობს ქალბატონი ნანა, რომელიც დიდი ხანია ჰოლანდიაში, ერთ პატარა დაბაში ცხოვრობს, მაგრამ მისი ქვეყნის ბედი მისთვის ისევე საინტერესოა, როგორც სამშობლოში დარჩენილი ოჯახისა.

ცნობილი ქართველი ჟურნალისტი, ვახტან კომახიძე, რომელმაც ძალიან მოკლე დროში მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი შვეიცარიაში, ასეთ პარალელებს ნაკლებად ავლებს. “გამორიცხული არაფერია, მაგრამ მთლად “იმედის” სქემა არ უნდა განმეორდეს, რადგან სააკაშვილს ვალდებულება აქვს, არ დახუროს “მაესტრო”. მე უფრო ისეთ ცვლილებებს ველოდები, რომელიც „მაესტროს“ ივანიშვილისთვის მეტ-ნაკლებად შეზღუდავს და არა თვალსაჩინოდ შეიცვლის კურსს” – ფიქრობს ვახტანგ კომახიძე.

იტალიაში დროებით სამუშაოდ გადახვეწილი ქალბატონი ბელა კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მხარს უჭერს კიწმარიშვილს, მაგრამ ეს რომ ასე აშკარად არ გამოჩნდეს, პრობლემა დამფუძნებლებსა და მმართველ კომპანიას შორის დავაში “გადაიზარდა”.

“სინამდვილეში ყველა კარგად ხედავს, რომ კიწმარიშვილი ისევ მიშას კაცია და ოქრუაშვილის დაანონსებული “მრისხანების დღეც” ისეთივე ფარსი ყოფილა, როგორც “ვარდების რევოლუცია”, უფრო მეტად ფარსიც! ამას მარტო მე კი არა, იტალიაში მყოფი ბევრი ქართველი ხვდება. ხოლო მათ, ვისაც აქ “იოლი შრომით” აქვთ მოპოვებული სარჩო და ოჯახის გამოკვება არ უჭირთ, არც აინტერესებთ არაფერი. იძახიან, ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევითო და საუბრისას სულ მიშას ფრაზებით გვეკამათებიან” – ამბობს ბელა.

ქალბატონი ციალა, რომელიც შვედეთში დიდი ხანია პოლიტიკური სტატუსის მოლოდინშია, ფიქრობს, რომ “მაესტროში” ატეხილი ქარიშხალი ბიძინა ივანიშვილის წერილობითმა და ზეპირმა განცხადებებმა გამოიწვია. “მაესტროს” განწყობა ხალხისას დაემთხვა, ხოლო ეროსისადმი დამოკიდებულება მხოლოდ კიწმარიშვილისთვის გახდა მიუღებელი და ამ პროტესტში ხელისუფლება რომ არ დახმარებოდა, იგი ვერც ალპინისტურ წარსულს გამოიყენებდა და ვერც ოქრუაშვილის მითითებებით იხელმძღვანელებდა.

“დასანანია, რომ საქართველოში ერთს ამბობენ, მეორეს ფიქრობენ და მესამეს აკეთებენ. სწორედ ამიტომ, დროა მართალი პოლიტიკისა და არა სიყალბისა! თუ ეს მართალი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდება, ბევრი ჩვენგანი დაბრუნდება სამშობლოში, რომ ჩვენი საკეთებელი გადამთიელებმა არ აკეთონ. მაგრამ მე ეს გზა უკვე ვიწვნიე. სხვების მსგავსად, მეც დავუჯერე სააკაშვილს და 2006 წელს დავბრუნდი საქართველოში. ჩემი სიტუაცია უკვე წინ მიდიოდა, მე კი შევაჩერე სტატუსის მიღება და ამაოდ... თითქმის  3 წელი სად არ მოვსინჯე სამსახურის დაწყება, მაგრამ მიტინგებზე აქტიურობა ყველგან შემაფერხებლად მექცა. მერე წვალებით, უვიზოდ ჩავაღწიე ევროპის ხან ერთ ქვეყანაში, ხან მეორეში და 2009 წლიდან ახლაც ჰაერში ვკიდივარ. არ მინდა ისევ თავიდან მომხდეს ამ გზის გავლა. სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში კი სიხარულით დავბრუნდები ოჯახში, თუ ჩემი ადგილი ჩემს ქვეყანაში გამოჩნდება”.

ასე ფიქრობენ მჭადს და ყველა მონატრებული ემიგრანტები. თუმცა, ბევრ ოჯახში ქართული პურ-მარილითაც გამიმასპინძლდნენ და ლობიოზე ბოდიშიც კი მომიხადეს.

რეპორტაჟებს და ემიგრანტთა ნაამბობეს დროდადრო მოგაწვდით.