„სოჭის ოლიმპიადა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ეკოლოგიური დანაშაულია“

„სოჭის ოლიმპიადა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ეკოლოგიური დანაშაულია“

აფხაზეთის სანაპიროდან ინერტული მასალების ამოღება შავი ზღვის ეკოსისტემას რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს. იგი გამოიწვევს სანაპირო ზონის წარეცხვას, სანაპიროების – პლაჟების დეგრადაციას, ახალი პრობლემური კერების შექმნას და არსებული მდგომარეობის გამწვავებას. თვითონ რუსი ეკოლოგების შეფასებით, „სოჭის ოლიმპიადა არის კაცობრიობის საწინააღმდეგო ეკოლოგიური დანაშაული და კრემლის გეოპოლიტიკური ავანტიურა“. 

 

„აფხაზეთის სანაპიროდან ინერტული მასალების ამოღების გაგრძელების შემთხვევაში შავი ზღვის ეკოსისტემა რეაბილიტაციას აღარ დაექვემდებარება“, – ამგვარი პროგნოზი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ გააკეთა.

 

სამინისტროს საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის აფხაზეთის სანაპიროს მდინარეებიდან უკვე ამოღებულია და რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულია დიდი რაოდენობით ინერტული სამშენებლო მასალები, როგორიცაა ქვა და ქვიშა.

 

„თუ სიტუაცია უახლოეს წლებში ამ კურსით განვითარებას განაგრძობს შავი ზღვის სანაპირო ზონის უნიკალური ეკოსისტემა რეაბილიტაციას ვეღარ დაექვემდებარება“, - აცხადებს სამინისტრო.

 

ამავე უწყებაში განმარტავენ, რომ ეს ინფორმაცია იმ განცხადებებს ეფუძნება, რომელიც რამდენჯერმე გააკეთეს როგორც რუსეთის ფედერაციის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა.

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს არაერთგზის მოუწოდა - სათანადო ყურადღება მიაქციოს საქმიანობას, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოში, აფხაზეთის სანაპიროს ეკოსისტემას. აფხაზეთის მდინარეებიდან ინერტული მასალების მოპოვება გამოიწვევს სანაპირო ზონის წარეცხვას, სანაპიროების - პლაჟების დეგრადაციას, ახალი პრობლემური კერების შექმნას და არსებული მდგომარეობის გამწვავებას. ასეთი მაგალითები მრავლად არსებობს როგორც აფხაზეთში, ისე მსოფლიოს სხვა ადგილებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

აქვე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას შეშფოთება გამოხატა სოჭის ოლიმპიადის სამშენებლო მიზნებისთვის, სანაპირო ზონიდან ბუნებრივი რესურსების მოპოვების შედეგად, ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე გარემოზე მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით და საქართველოს პარტნიორებს თხოვნით მიმართა, სიტუაციის მონიტორინგში დაეხმარონ.

 

„საერთაშორისო ოლიმპიურმა თამაშებმა ხელი უნდა შეუწყოს ერებს შორის მშვიდობას და მეგობრობას ბუნებრივ გარემოზე შეუქცევადი ზიანის მიყენების გარეშე“, - აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.

 

გაეროს მისიის UNEP (გარემოს დაცვის პროგრამა) ამასწინანდელ მოხსენებაში დაფიქსირებულია, რომ  სოჭის ზამთრის ოლიმპიადისთვის მზადების პერიოდში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას, რიგ შემთხვევაში უგულებელყოფილია ეკოლოგთა მოთხოვნები, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს გარემოს.

 

მოხსენებაში მითითებულია, რომ ველური ბუნების მსოფლიო ფონდისა (WWF) და „გრინპისის“ მონაცემებით, მთავარი საშიშროება ემუქრება მდინარე მზიმთას ხეობას, რომლის გასწვრივაც მიმდინარეობს ავტომაგისტრალისა და სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. უკვე გაჩეხილია ათასობით წიფლის ხე, ხოლო რუსეთის ხელისუფლება არ ჩქარობს ბუნებისადმი მიყენებულ ზარალის კომპენსირებას.

 

თავად რუს ეკოლოგთა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს კრასნოდარის მხარის ხელისუფალთა მიერ მდინარე მზიმთას კალაპოტიდან 1 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი ინერტული მასალის – ქვა-ღორღის ამოღების სანქციონირება, რაც მომაკვდინებელ საშიშროებას წარმოადგენს მიმდებარე პლაჟებისა და მთლიანად სანაპიროსთვის.

 

ამონარიდი რუსეთის ეკოლოგიის აკადემიის წევრის, გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ს. ნ. ვოლკოვის ამ საკითხთან დაკავშირებული დასკვნიდან: „სოჭის ოლიმპიადა არის კაცობრიობის საწინააღმდეგო ეკოლოგიური დანაშაული და კრემლის გეოპოლიტიკური ავანტიურა“. 

 

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი  შოთა მალაშხია ხაზს უსვამს, რომ ქართული მხარე არ არის დაინტერესებული სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებით, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ აიძულოს რუსეთის ხელისუფლება პატივი სცეს რიო-დე-ჟანეიროს დეკლარაციისა და  ოლიმპიური ქარტიის დებულების მოთხოვნებს და ოლიმპიადის მომზადებისას უზრუნველყოს მათი შესრულება.

 

„ეს ყველაფერი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი შეასრულებს მედვედევ – სარკოზი – სააკაშვილის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთახმებით აღებულ ვალდებულებებს, მოახდენს მის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის ნაწილის (აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი) დეოკუპაციას და გაიწვევს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით მიღებულ გადაწყვეტილებებს აღნიშნული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობის შესახებ“, – აცხადებს მალაშხია.

 

საქართველოს შავი ზღვის  სანაპირო ზოლი შეადგენს 315 კილომეტრს, რომლიდანაც 1961 წლისთვის 145 კმ წაირეცხა; რაც განპირობებული იყო ჰესების მშენებლობით და მდინარეების კალაპოტებიდან ქვა-ღორღის გაუმართლებელი ამოღებით. მდგომარეობის გამოსასწორებლად საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში 1960 - 1980-იანი წლების ბოლომდე მიმდინარეობდა ინტენსიური ნაპირგამაგრებითი სამუშაოები, იქმნებოდა ხელოვნური პლაჟები, რაც შეჩერებულ იქნა 90-იანი  წლების დასაწყისში.

 

სახეზეა მდინარე გუმისთის ხეობაში ქვა-ღორღის მოპოვების ამჟამად მიმდინარე სამუშაოების დამადასტურებელი, რუსული ტელეკომპანია ОРТ –ს მიერ გადაცემული ვიდეოკადრები და სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული სლაიდები. ქართული მხარე ხაზს უსვამს, რომ ამ მიდამოებში ინერტული მასალის ამოღება სრულიად დაუშვებელია და გარემოზე მოახდენს კატასტროფულ გავლენას.

 

საუბარია ასევე რუსულ ამბიციურ პროექტზე, რომელიც სოჭში ხელოვნური კუნძულის შექმნას ითვალისწინებს და რომლის განხორციელების შემთხვევაში აფხაზეთის სანაპიროს გარდაუვალი სრული ეკოლოგიური კატასტროფა დაემუქრება, ვინაიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სპეციალისტთა გათვლებით კუნძულის შექმნისთვის საჭიროა სულ მცირე 120 მილიონი ტონა ქვა-ღორღი, სწორედ იმდენი, რამდენის ამოღებასაც აპირებენ აფხაზეთის სანაპირო ზოლიდან, რაც ყოვლად დაუშვებელია.

 

არსებობს რეალური საშიშროება, რომ ინერტული მასალების არალეგალური მოპოვება კატასტროფულ შედეგებს მოიტანს და მძიმე პირობებში აღმოჩნდება ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი უნიკალური სუბტროპიკული სანაპირო ზოლი და მდინარეების ნაპირები; რომელთა ეროზიაც უკვე დიდი ხანია დაწყებულია. ასევე ზღვის სანაპიროდან  დიდი რაოდენობით სამშენებლო მასალის ამოღება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ნაპირს, არამედ მის მიმდებარე ტერიტორიებს.

 

მოსალოდნელია, რომ რუსეთი, რომელმაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადაწვა უიშვიათესი ჯიშის წიწვოვანი ტყეები, ადვილად მოახერხებს თავად სოჭის უნიკალური და მყიფე  ბუნების განადგურებასაც.

 

აქედან გამომდინარე ოლიმპიური თამაშები ხაზგასმით ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს რეგიონის ფლორასა და ფაუნაზე.  UNESCO-მ, World Wildlife Fund-მა ( WWF) და Greenpeace-მა სასტიკად დაგმეს სოჭში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობები, განაცხადეს, რომ ოლიმპიადის სამზადისი ყოველგვარ საზღვარს გასცდა და კონტროლს აღარ ექვემდებარება.

 

აღნიშნული ქმედებების შედეგად მნიშვნელოვნად ნადგურდება უნიკალური ბუნება, გადაშენების პირას არიან იშვიათი ჯიშის ცხოველები, მავნე და მომწამვლელი ნივთიერებებით ბინძურდება მდინარეები. რუსეთი, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე, მაგრამ როგორც სჩანს, ფინანსური სარგებელი გაცილებით უფრო მაღალ ღირებულებას წარმოადგენს მისთვის, ვიდრე რეგიონში ბუნების სილამაზის და სიმდიდრის შენარჩუნება.

 

ეკოლოგიური პრობლემები, ჩერქეზების გენოციდი, უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობა, არასახარბიელო მდებარეობა და არასათანადო პირობები ის ფაქტორებია, რომლებიც ეწინააღმდეგება ოლიმპიურ ქარტიას და მის მთავარ პრინციპებს. ბევრ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ სასწრაფოდ უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები და აიძულოს რუსეთი შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის ოლიმპიური ქარტიით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

„ტრადიციულად, ოლიმპიური თამაშები მშვიდობის, ერთა შორის მეგობრობის და თანამშრომლობის სიმბოლოა. თუმცა ისეთ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია, არასასურველი და სახიფათოა მშვიდობიანი ოლიმპიადის ჩატარება, რომელიც ნამდვილად გახდება „დასამახსოვრებელი“, მაგრამ არა იმ მიზეზით, რისი იმედიც ვლადიმერ პუტინს ჰქონდა“, – აცხადებენ ანალიტიკოსები.