"ვერავინ დამარწმუნებს, რომ ზურაბ ჟვანია მხუთავი აირით გაიგუდა"

9 დეკემბერს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ჟვანია 48 წლის გახდებოდა. "გურია ნიუსის" დღევანდელ ნომერში მის შესახებ ერთ დროს მისი თანაგუნდელი და მეგობარი, ოპოზიციონერი ლელა ნაცვალაძე გვესაუბრება.

ქალბატონო ლელა, თქვენ კარგი ურთიერთობა გქონდათ ზურაბ ჟვანიასთან.

– გეთანხმებით. მე "გაერთიანებული დემოკრატების" აღმასრულებელი მდივანი ვიყავი და საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა ზურა ჟვანიასთან. უაღრესად თავმდაბალი და თბილი ადამიანი იყო, ვერასდროს ვგრძნობდი, რომ ჩემი ხელმძღვანელი იყო. ძალიან ვაფასებდი და დიდ პატივს ვცემდი. მისი გარდაცვალება დიდი დარტყმა აღმოჩნდა როგორც მისი ოჯახისთვის, ასევე მისი მეგობრებისთვის და საქართველოსთვის.ბევრი ადამიანი შემხვედრია, ხელისუფლებაში მოსვლამდე გვერდიდან რომ არ გვიშორებდა, მაგრამ როგორც კი სავარძელში მოკალათდა, აღარც გავხსენებივართ. აი, ზურა კი სულ სხვანაირი იყო – როგორც კი პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, მაშინვე დამირეკა და დამიბარა. არ უნდოდა, უყურადღებოდ ვინმე დარჩენოდა, მაგრამ არ დასცალდა!

რას ფიქრობთ მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით?

– დღევანდელმა ხელისუფლებამ დაამკვიდრა საშინელი რეალობა–  როცა სადმე გამოჩნდება მათზე ჭკვიანი, მათზე ნიჭიერი და მათზე ძლიერი ადამიანი, ცდილობენ, გზიდან ჩამოიცილონ, რადგან მას მეტოქედ თვლიან. ზურას შემთხვევაშიც სწორედ ასე იყო. მე ვერავინ დამარწმუნებს იმას, რომ იგი მხუთავი აირით გაიგუდა. მაგრამ, უფალი დიდია და ყველაფერს ხედავს – გარწმუნებთ, მალე ყველაფერს ფარდა აეხდება. მე არ დამავიწყდება ზურას დასაფლავების შემდგომი დღე – საფლავთან მისი ჭირისუფლისა და ახლობლების გარდა, ვხვდებოდი სრულიად უცნობ ადამიანებს, რომლებიც ყვავილებით ხელში საათობით იდგნენ და ცხარე ცრემლებით დასტიროდნენ მას.

გაქვთ თუ არა ურთიერთობა ზურაბ ჟვანიას ოჯახთან?

– ზურას გარდაცვალებამდე მე მის ოჯახს არ ვიცნობდი. ვიცოდი, რომ ზურა ჟვანიას ჰყავდა ძალიან საყვარელი დედა, რომელსაც უდიდეს პატივს სცემდა, ჰყავდა ასევე ძალიან კარგი ძმა და ჰქონდა ლამაზი ოჯახი, რომელზეც დიდი სიყვარულით გვიყვებოდა. მე ისინი, გარდაცვალების შემდეგ, ზურას საფლავზე გავიცანი. მეუღლეს, ქალბატონ ნინოს რამდენჯერმე შევხვედრივარ. ძირითადად, გვაქვს სატელეფონო საუბრები და საეკლესიო დღესასწაულებს ვულოცავთ ერთმანეთს. ის სამაგალითო ქალბატონია. ზურა ჟვანიას ქვრივობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, რასაც ქალბატონი ნინო დიდი ტკივილითა და მოთმინებით, სიყვარულითა და მუხლჩაუხრელი შრომით პირნათლად უმკლავდება. შედეგიც ხომ სახეზეა? მან სასახელო შვილები აღზარდა, სწორედ ისეთები, როგორზედაც ზურა ოცნებობდა და როგორიც მის სახელს ეკადრება.

ვინ იყო თქვენთვის ზურაბ ჟვანია, რა შეგმატათ მასთან ურთიერთობამ? ცოცხალი რომ ყოფილიყო, იქნებოდა თუ არა სხვა რეალობა დღეს საქართველოში?

– პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ზურა ჟვანიას უაღრესად დიდ პატივს ვცემდი. იგი ღვთისმოსავი ადამიანი იყო და ძალიან ბევრი კარგი აქვს გაკეთებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მის კაბინეტში, ვაშლიჯვარში იყო ის თუ სახელმწიფო კანცელარიაში, სალოცავ კუთხესთან მუდამ ენთო კანდელი და სანთელი, რაც ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი მართლმადიდებლისთვის, მნიშვნელოვანია. მახსოვს, ერთ-ერთი შეხვედრისას, მაცხოვრის ხატი ვაჩუქე. მადლიერების ნიშნად თვალები გაუბრწყინდა და დიდი რუდუნებითა და პატივისცემით ეამბორა.

ზურა ჟვანია იყო ჩემი არა მარტო ხელმძღვანელი, არამედ მეგობარი და მასწავლებელი. ალბათ, ხშირად გსმენიათ ტერმინი – "ჟვანიას შკოლა". ამ "შკოლის" კურსები გავიარე მასთან ურთიერთობის დროს და სხვა მნიშვნელოვან თვისებებთან ერთად, ვისწავლე პრინციპულობა. მე მეამაყება, რომ ასეთი მეგობარი მყავდა. ის მსოფლიო დონის პოლიტიკოსი იყო და ცოცხალი რომ ყოფილიყო, არ მოხდებოდა 7 ნოემბერი, 21-26 მაისის ამაზრზენი დარბევები. უფრო მეტიც – არ მოხდებოდა აგვისტოს სამარცხვინო ომი და დამატებით არ დავკარგავდით ტერიტორიებს.