მარინა ბერიძის პასუხი ინერციით მომუშავე იაგორ კალანდაძეს

მარინა ბერიძის პასუხი ინერციით მომუშავე იაგორ კალანდაძეს

„წინააღმდეგობის მოძრაობა“ და ასოციაცია „გვახსოვდეს ჰიპოკრატე“ რამდენიმე სტატიით შეეხმიანა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს საქართველოს კონტროლის პალატის დასკვნას, ტუბერკულოზის მკურნალობის (ფთიზიატრიის) სახელმწიფო პროგრამის აუდიტის შედეგად ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერი განკარგვისა და სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებზე, რის შედეგედაც გაირკვა, რომ 2008-2011 წლებში არამართლზომიერად 2 357 759 ლარი გაიხარჯა.   

სააგენტო „პირველი“-ს ვებგვერდზე სტატია გამოქვეყნდა, საიდანაც ვგებულობთ, რომ ცენტრის დირექტორი იაგორ კალანდაძე იმ სერიოზულ ფინანსურ დარღვევებზე, რომელსაც ტუბერკულოზის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისას ადგილი ჰქონდა, ინფორმირებული არ იყო, ისიც და 2008 წელს გამარჯვებული კომპანიები  მუშაობას ინერციით აგრძელებდნენ.  

ბატონ იაგორს სკოლის პროგრამიდან უნდა ახსოვდეს, რომ ინერცია (ლათინურად inertia - უმოქმედობა) არის  სხეულის თვისება - შეინარჩუნოს თავისი უძრაობის, ან თანაბარი სწორხაზოვანი მოძრაობის  მდგომარეობა, გარეშე ძალის გამოჩენამდე.

ბატონო იაგორ, „კონტროლის  პალატა“ უნდა აღმოჩნდეს ის გარეშე ძალა, რომელმაც თქვენ ინერციიდან უნდა გამოგიყვანოთ და თქვენდამი რწმუნებული დაწესებულების კონტრაქტებით, მართვით და რაც მთავარია პაციენტების ბედით დაგაინტერესოთ? მათ ხომ თქვენნაირი ინერტული ადამიანების გამო საჭირო დახმარება ვერ მიიღეს?!

აღმოჩნდა ისიც, რომ  ბატონი იაგორი, არც საწოლდღეების გაზრდილი საფასურის შესახებ ფლობდა ინფორმაციას. ისე, რა ყოფილა ეს ინერცია?!

თუმცა კი სააგენტო ”პირველი” ბატონი იაგორის პირით  ადასტურებს იმას, რომ  პირველი ლედი სანდრა რულოვსი იმ სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე გახლავთ, რომელიც შიდსის, ტუბერკულოზის, მალარიის და სხვა დაავადებების ეპიდემოლოგიას, ტენდენციას, სტრატეგიას დ ა.შ. განიხილავს.

რაც შეეხება ცენტრსა და ტუბდისპანსერებში პაციენტების მომსახურების ხარისხსა და ფასიან მომსახურებას - კალანდაძემ ტუბერკულოზით დაავადებულთათვის ფასიანი მომსახურების შემთხვევები კატეგორიულად უარყო. არადა ფაქტები ჯიუტია, რომელთაც ჩვენ და  ჩვენი ახლობელ-ნათესავები პირადად გადავაწყდით. ანუ ანკეტა-ისტორიის შევსება,  რენტგენის გადაღება და ექიმის კონსულტაცია  45-60 ლარი ღირს. შესაბამის პროგრამაში პაციენტს ჩართვა მხოლოდ დიაგნოზის დადასტურების შემდეგ  შეუძლია. ამიტომ ძალიან ბევრ უკან გამობრუნებულ უსახსრო ადამიანს მოუმართავს ჩვენი ორგანიზაციებისთვის. ჩვენი ”სასახელო” ტელევიზიების „სასახელო“ სტუმრები  (მათ შორის ფეხბურთელი არველაძე) ექიმთან ვერ მისვლას მოსახლეობის სიმორცხვეს აბრალებენ და არა უსახსრობას.

კიდევ ერთი ნონსენსი, რაც პროგრამას ახასიათებს - მაგალითად, რუსთავში ამავე ქალაქის მაცხოვრებლებისთვის დიაგნოზირება უფასოა, ისევე, როგორც გარდაბანში გარდაბნელებისთვის. თუ გარდაბნის მაცხოვრებელი რუსთავში მიდის, მას თანხის გადახდა მოუწევს, ვინაიდან ამ პაციენტის ფული გარდაბნის ბიუჯეტშია გაწერილი. ჩვენ კი  ისევ ჩვენი ”სასახელო” ტელევიზიების წყალობით გვეგონა, რომ ერთიან საქართველოში ვცხოვრობდით.  სერიოზულობას თუ მოვუხმობთ,  ამ ჩანართზე კომენტარის გასაკეთებლად ალბათ, მთელი პროგრამების განხილვა მოგვიწევს, რის საშუალებასაც ახლა ფორმატი არ გვაძლევს, მაგრამ ეს რომ სრული აბსურდია, ვგონებ ეჭვი არავის ეპარება. აბა, ტუბერკულოზით დაავადებულო რუსთაველებო, რუსთავში შეერთდით! თორემ ღმერთმა არ ქნას ფეხი რუსთავი-გარდაბანის ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაგიცდეთ - მკურნალობაც გვერდზე  მოგრჩებათ  და რუსთავიც.

რაც შეეხება ბოლო წლებში ქვეყანაში ტუბერკულოზის შემთხვევების ტენდენციას -  როგორც „პირველს“ იაგორ კალანდაძემ განუცხადა, ტენდენცია კლებისკენაა მიმართული, მაშინ როცა ტუბერკულოზის გავრცელებამ საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში ბოლო პერიოდში კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია  (სწორედ ეს დაავადება წარმოადგენს პატიმართა სიკვდილობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს), როცა ოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოს ციხეებში მყოფი 24 ათასი პატიმრიდან 1 579, ანუ დაახლოებით 6,6% ტუბერკულოზითაა დაავადებული. უფლებადამცველები კი აცხადებენ, რომ  რეალურად პატიმართა თითქმის ნახევარი  ტუბერკულოზითაა ავად.

ბატონო იაგორ, ამგვარი ვითარების ფონზე თქვენ რა გაძლევთ დამშვიდებისა და იმის თქმის უფლებას, რომ ძველი, ნამკურნალები და ახალი შემთხვევების კლება ხდება?