"ამბასადორიალი 2013" დასრულდა

"ამბასადორიალი 2013" დასრულდა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამი დღის განმავლობაში თემატური გამოსვლების ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებმა მოუსმინეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე პირველად მიიღეს ინფორმაცია არასამთავრობო სექტორისგან. 

"არასამთავრობო სექტორის ანგარიშები განსაკუთრებით საინტერესო იყო დიპლომატებისთვის. წარსული მძიმე შეცდომების გათვალისწინებით საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების საკითხზე ვიმსჯელეთ ცესკოს წარმომადგენლებთან ერთად, ვინაიდან საზღვარგარეთ ჩვენს წარმომადგენლობებში საარჩევნო უბნები უნდა გაიხსნას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, წელს პირველად სამინისტრომ სპეციალური პროგრამა შესთავაზა ელჩების მეუღლეებს, რომლებიც ღონისძიებით კმაყოფილნი არიან.

ამბასადორიალის ბოლო დღეს, მაია ფანჯიკიძის განმარტებით, მსჯელობა გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს წინაშე არსებულ გამოწვევბზე.

მინისტრის განცხადებით, "ამბასადორიალი 2013" დასრულდა, თუმცა ელჩები შეხვედრებს აგრძელებენ, ისინი დღის ბოლომდე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან.