უმრავლესობა

უმრავლესობა "თავისუფლების ქარტიის", იგივე ლუსტრაციის შესახებ კანონის შეცვლას აპირებს

საპარლამენტო უმრავლესობა "თავისუფლების ქარტიის", იგივე "ლუსტრაციის შესახებ" კანონის გადახედვას გეგმავს. ამ მხრივ მუშაობა დაწყებულია. 

გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გახდა ცნობილი.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პავლე კუბლაშვილმა მმართველ გუნდს სპეციალური სახელმწიფო კომისიის ამოქმედების საკითხი შეახსენა, რომლის შექმნასაც სწორედ აღნიშნული კანონი ითვალისწინებს და, რომლის ერთ-ერთ ძირითად მიზანს სსრკ-ის სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, ყოფილი სსრკ-ის და "კომუნისტური პარტიის" ცენტრალური კომიტეტების წევრების, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნების, ლენინური კომკავშირის ცეკა-ს ბიუროს წევრთა მონაცემების დადგენა და მისი რეესტრი წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ კანონი დაახლოებით სამი წლის წინ არის მიღებული, კომისია ამ დრომდე არ შექმნილა.

"ვიცი, რომ "თავისუფლების ქარტიის" დებულებებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. კანონის ჩანაწერი, რომელიც შსს-თან სპეციალური ორგანოს შექმნას ეხება და, რომელიც ამ კანონის აღსრულების საკითხს გააკონტროლებს, დღემდე რეალიზიბეული არ არის. საკითხი წინა ხელისუფლების დროსაც ღიად იყო დატოვებული და დღესაც ღიად რჩება. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავდთ, რომ არის პრობლემები სტალინის ძეგლებთან, სხვადასხვა საბჭოთა სიმბოლოკებთან დაკავშირებით. იქნებ, მოვითხოვოთ აღმასრულებლი ხელისუფლებისგან, წარმოგვიდგინონ მათი ხედვები - თუ რამე შესაცვლელია კანონში, კანონი შევცვალოთ და ეს ორგანო არ შეიქმნას, ხოლო თუკი კანონი შესაცვლელი არ არის, მაშინ სწარმოგვიდგინონ ხედვები, რა ვადებში, რანაირად შეიქმნება აღნიშნული სტუქტურა", - განაცხადა კუბლაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატის საპასუხოდ უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამ დაადასტურა, რომ კანონში ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს და საკითხი მომავალში მსჯელობის საგანი იქნება.

აღნიშნულ თემას თავად პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა, რომლის აზრით, "თავისუფლების ქარტია" თავიდან არის დასაწერი და რაც უფრო სწაფად იქნება, უკეთესია ამ დოკუმენტისთვისაც და ბევრი სხვა რამისთვისაც".

"თავისუფლების ქარტიაში" ამჟამად მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებები შედის - ის ერთერთია იმ კანონებს შორის, რომელშიც ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედებული ახალი საკონსტიტუციო დებულებებიდან გამომდინარე უნდა შევიდეს.