ნიკა რურუა მოითხოვს ივანიშვილმა ევრაზიის კავშირში შესვლაზე გაკეთებული განცხადება დააზუსტოს

ნიკა რურუა მოითხოვს ივანიშვილმა ევრაზიის კავშირში შესვლაზე გაკეთებული განცხადება დააზუსტოს

ევრაზიის კავშირში შესვლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება პრემიერის მხრიდან დაზუსტებას საჭიროებს, - ამის შესახებ "პრაიმ თაიმში" გამართულ პრესკონფერენციაზე კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკა რურუამ განაცხადა. 

ნიკა რურუა პრემიერის მიერ ევრაზიის კავშირში შესვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერის ამ განცხადებამ შეაშფოთა. მისივე თქმით, პრემიერის განცხადება არაკეთილგონიერი და და საფრთხის შემცველია.

"შესაძლოა ამით პრემიერმა დიპლომატიური ლავირება გააკეთა, მაგრამ ამ განცხადებაზე მას მოუწევს თავის მართლება და იგი ამ სიტყვებს უკან წაიღებს, როგორც ეს ადრეც მომხდარა. თუ მან ეს არ გააკეთა, რუსეთი ამას გაიგებს როგორც საქართველოზე განახორციელოს მეტი ზეწოლა, მეტი შანტაჟი, საზღვრები გადმოწიოს და მეტად აიძულოს საქართველო ევრაზიის კავშირში შეთრევაზე" - აღნიშნა ნიკა რურუამ.

მისივე განცხადებით, ევრაზიის კავშირი, ცინიკური სახით, საბჭოთა კავშირის რეინკარნაციაა და იგი რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ოცნებაა. მისივე განმარტებით, პუტინს ძალიან სურს მეზობელი სახელმწიფოებზე გავლენა აღადგინოს, რომელიც საბჭო კავშირის დაშლის შემდეგ დაიკარგა.

რურუას თქმით, პუტინს საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიაჩნია, იმ ასობით მილიონი ადამიანისაგან განსხვავებით, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განთავისუფლდნენ.

მან ასევე გაიხსენა რუსეთის მიერ უკრაინაზე ეკონომიკური ზეწოლის განხორციელების ფაქტი და აღნიშნა, რომ თავად უკრაინამაც კი უარი თქვა რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნაზე.
პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივას არ გამორიცხავს.

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად საინტერესო აღმოჩნდება ევრაზიული კავშირი საქართველოს სტრატეგიისთვის.

"რაც შეეხება ევრაზიულ კავშირს, ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობ. ამ ეტაპზე არანაირი პოზიცია არ გაგვაჩნია, თუმცა, თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა?", - განაცხადა ივანიშვილმა.