გიგა ბოკერია:  ივანიშვილის ბევრი ნაბიჯი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ინტერესებში შედის

გიგა ბოკერია: ივანიშვილის ბევრი ნაბიჯი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ინტერესებში შედის

ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ გადადგმული ბევრი ნაბიჯი ასუსტებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს უსაფრხოებას და შედის სწორედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ინტერესებში, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ პრემიერის დღევანდელი პრესკონფერენციის კომენტირებისას განაცხადა. 

ბოკერია საკუთარი პოზიციის უახლეს და მკაფიო დასტურად ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით პრემიერის სკანდალურ განცხადებას მიიჩნევს.

"პრემიერ ივანიშვილისთვის რუსეთის ჯაშუში არასოდეს მიწოდებია, მაგრამ მიმაჩნია, რომ მისი და მისი გუნდის მიერ გადადგმული ბევრი ნაბიჯი ასუსტებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს უსაფრთხოებას და შედის სწორედ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ინტერესებში. ამის უახლესი მაგალითია პრემიერის სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ მას არ გააჩნია მკაფიო პოზიცია ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით. ევრაზული კავშირის იდეა არის პუტინის ინსტრუმენტი, მეზობელი ქვეყნების ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაჩერებლად, ამ ქვეყნების სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის მოშლის და რუსეთის სატელიტებად მათი ქცევს მიზნით", - განაცხადა ბოკერიამ.

უშიშროების საბჭოს მდივნის შეფასებით, საგანგაშოა, როდესაც საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ პრემიერს ამ თემაზე მკაფიო პოზიცია არ გააჩნია.

გიგა ბოკერიას ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის გუნდში არიან ღიად "პრორუსული, ფუნდამენტალისტური" ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრმა მოიყვანა.

"ისინი პირდაპირ საფრთხეს უქმნიან საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და დემოკრატიას. პრემიერმა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა მთავარი ოპოზიციური ძალის, "ნაციონალური მოძრაობის" განადგურების სურვილით დამატებით ხელი შეუწყვეს მისი კოალიციის გარეთ კიდევ უფრო პრორუსული ძალების გაძლიერებას და მათ წინა პლანზე წამოწევას, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის. ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო საქმეების ყოველგვარი შესწავლის გარეშე რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში, სამხედრო ამბოხებასა და უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობაში ბრალდებული პირების ციხიდან გამოშვება. ამ ხალხის გმირებად გამოშვება საფრთხეს უქმნის დემოკრატიას", - აღნიშნა ბოკერიამ.

უშიშროების საბჭოს მდივანი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საზიანოდ მიიჩნევს პრემიერ ივანიშვილის რეაგირებას რუსეთის "აგრესიულ ნაბიჯებზე", კერძოდ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით.

"ახალი გუნდის კონცეფცია, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს პრობლემა რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობაში, მაშინ, როდესაც რუსეთი ქართული სახელმწიფოებრიობის გასანადგურებლად აგრესიულ პოლიტიკას აგრძელებს, არის უკეთეს შემთხვევაში გულუბრყვილობა, ასუსტებს ჩვენს პოზიციას და საერთაშორისო წნეხს რუსეთის ფედერაციაზე. ის პოლიტიკური რეპრესიები, რომელიც დაიწყო პრემიერ ივანიშვილის მოსვლის შემდეგ – კერძოდ, ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება, ათასობით აქტივისტის დაკითხვა და დაკავება, ძალადობა უმცირესობების წინააღმდეგ, ასუსტებს ქვეყნის დემოკრატიას და ზიანს აყენებს საქართველოს იმიჯს. ეს ყველაფერი შედის რუსეთის ინტერესებში. ის აბსოლუტურად გაუაზრებელი ეკონომიკური პოლიტიკა, კრიმინალის ზრდა, რაც გამოწვეულია ამ ხელისუფლების უკეთეს შემთხვევაში, არაკომპეტენტური ნაბიჯებით, ასუსტებს ქვეყანას და აძლიერებს რუსეთის ფედერაციის პოზიციებს საქართველოში", - განაცხადა ბოკერია.

უშიშროების საბჭოს მდივნის ინფორმაციით, წარსულში "რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირების" სამართალდამცავ უწყებებში დაბრუნება საფრთხეა, რადგან გამორიცხული არ არის, მათ ასეთი კონტაქტები მომავალშიც ჰქონდეთ.

"ეს ყველაფერი საფრთხეა. ასეთი იყო ჩემი პოზიცია აქამდეც და ჯერჯერობით არ გამაჩნია საფუძველი, რომ ეს პოზიცია შევიცვალო", - აღნიშნა ბოკერიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოკერიამ შეუთვალა, რომ რუსეთის თემაზე პრეტენზიები აღარ აქვს. პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის აგენტობის ბრალდება თურმე მოეხსნა.

"ბოკერიამაც კი ჩემი თანაშემწის მეშვეობით შემომითვალა, რომ თურმე ჩემთან რუსეთის თემაზე პრეტენზიები აღარ აქვს. რისთვისაც დიდი მადლობა შევუთვალე. თურმე, რუსეთის აგენტობის ბრალდება უკვე მომეხსნა", - აღნიშნა ივანიშვილმა.