მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებმა შეწყვიტონ უსამართლო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებაზე საუბრისას, რომლითაც ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები“.
მისივე თქმით, ის გზა, რომელზეც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია დგას, არის გზა საბჭოთა კავშირისკენ, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა შეაჩეროს საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა და დაუბრუნდეს ძირეულ ღირებულებებს,
„პოლიციელზე წიხლით შედგომა, პოლიციელისთვის ასაფეთქებელი პიროტექნიკის დამიზნებით სროლა და პარლამენტის დაწვა თუ არის მშვიდობიანი ქმედება, არ ვიცი.
ამ 17 ქვეყანას ვეტყვი ერთ რამეს, რომ თავის ქვეყნებში ჩაიხედონ. მათ პოლიციელს რომ წიხლით შესდგეს ვინმე, მათ პარლამენტს რომ წვავდეს ვინმე, მათ რომ უშენდნენ პიროტექნიკას, მოითმენენ ამ ყველაფერს და არ ექნებათ რეაგირება? სამწუხაროდ, ეს ორმაგი სტანდარტიც აღარ არის, ეს არის უსტანდარტობა იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც ვიღაც თავის ტოლად არ თვლის და დაბალ ღობედ მიიჩნევს. ჩვენს პოლიციელებს უნდა წიხლები ურტყან, ქვები, მოლოტოვის კოქტეილები ესროლონ და ეს არის, როგორც ჩანს, მათი გადმოსახედიდან ნორმალური. ეს არის ზუსტად, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი მოსახლეობის იმედგაცრუებას იწვევს - ამას აჩვენებს შემდეგ გამოკითხვები, როდესაც ნდობა ევროკავშირის მიმართ ეცემა, იმიტომ, რომ ხედავენ, რომ დაგვყურებენ ზემოდან, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას.
ჩვენთან ყველაფერი უნდა იყოს შესაძლებელი, თუკი მათი დაფინანსებული ხალხის მხრიდან ხდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ეს და ეს არის მთავარი განწყობა ქართველ ხალხში. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებმა შეწყვიტონ უსამართლო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ძალიან დაავადდა ამ სენით ბრიუსელი და გარემოცვა ამ დედაქალაქების, რომ აგრესიული რიტორიკით, მუქარის ტონით ესაუბრებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოს.
მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი გამოფხიზლდეს და დროზე დაბრუნდეს ევროპული ღირებულებების გზაზე. ის გზა, რომელზეც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია დგას, არის გზა საბჭოთა კავშირისკენ, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა შეაჩეროს საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა და დაუბრუნდეს ძირეულ ღირებულებებს, როგორიც არის ადამიანის უფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.