ნინო ბურჯანაძე:   საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნება ბურჯანაძე პრეზიდენტად და ივანიშვილი - პრემიერად

ნინო ბურჯანაძე: საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნება ბურჯანაძე პრეზიდენტად და ივანიშვილი - პრემიერად

საქართველოსთვის იქნება ძალიან კარგი ბურჯანაძე პრეზიდენტად და ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბურჯანაძე პრემიერის დღევანდელ პრესკონფერენციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით ივანიშვილმა ბუნებრივი კომენტარი გააკეთა.

"მან გააკეთა ბუნებრივი კომენტარი, როგორიც უნდა გაეკეთებინა კოალიციის ლიდერს, რომელსაც ჰყავს საკუთარი კანდიდატი. მე არ მგონია, ვინმე იმას ელოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი იმას იტყოდა, მე, სინამდვილეში ბურჯანაძეს ვუჭერ მხარს, მაგრამ მარგველაშვილი ტყუილად დავაყენეო. ეს უბრალოდ, არასერიოზულობა იქნებოდა. აბსოლუტურად ბუნებრივი კომენტარი გაკეთდა მისი მხრიდან. მთავარია, რომ არჩეევნები ჩატარდეს სამართლიანად და დემოკრატიულად. ასეთ შემთხვევაში, მე დარწმუნებული ვარ, რომ პირველ ტურში იქნება ეს თუ მეორე ტურში, მე აუცილებლად გავიმარჯვებ", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, ბურჯანაძე აცხადებს, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ის შეეცდება, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არ წავიდეს.

"ვწუხვარ, რომ ბატონ ბიძინას აქვს ეს განწყობა, რომ ის ასე მალე წავიდეს პოლიტიკიდან. თუმცა ბუნებრივია, ჩვენ ძალიან ვაფასებთ მის წვლილს, პირველ ოქტომბერთან დაკავშირებით. ზოგადად იმ ძალიან ბევრ გაკეთებულ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მას გაუკეთებია საქართველოსთვის. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მის არჩევანს, თუმცა, მე შევეცდები პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, დავარწმუნო ივანიშვილი, რომ გარკვეული პერიოდი დარჩეს პოლიტიკაში, რადგან ვთვლი, რომ საქართველოსთვის იქნება ძალიან კარგი ბურჯანაძე პრეზიდენტად და ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი წასვლით სერიოზული პრობლემები იქნება ქვეყანაში, თუმცა ამ პრობლემებს მე ნამდვილად თავს გავართმევ. იმ ფონზე, როდესაც ბატონი ბიძინა აკეთებს განცხადებას, რომ ყველა შემთხვევაში აპირებს წასვლას, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს არჩევანის გაკეთების შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ ეს არჩევანი ნამდვილად არ იქნება მარგველაშვილის სასარგებლოდ", - აცხადებს ბურჯანაძე.

პრეზიდენტობის კანდიდატი ევრაზიის კავშირის შესახებ ივანიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა.

"მე არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ევრაზიის კავშირში გაერთიანებაზე. მე რაც წავიკითხე "ინტერპრესნიუსზე", დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ყველა კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული იქედან გამომდინარე, რა აწყობს და რა არა საქართველოს", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.