შოთა მალაშხია საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებაზე საუბრობს

შოთა მალაშხია საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებაზე საუბრობს

დღევანდელ დღეს მივიღეთ დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე, რაც საქართველოში არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ დღევანდელ სესიაზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა მალაშხიამ განაცხადა. მისი თქმით, დაპირისპირებაში ჩართულები არიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებიც. 

"დღევანდელ დღეს ჩვენ მივიღეთ ის, რაც საქართველოში არასდროს არ ყოფილა. ეს არის დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. ჩვენ ყოველთვის თავმომწონედ ვსაუბრობდით ტოლერანტობაზე და ახლა, ამ ეტაპზე, სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა სოფელში, ეს რელიგიური დაპირისპირება გვაქვს და როგორც იკვეთება ამაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები", - აღნიშნა მალაშხიამ.

მან კიდევ ერთ საკითხზე ისაუბრა, რომელიც თელავში სტალინის ძეგლის აღდგენას შეეხება.

"კიდევ ერთი დამატებითი პრობლემა არის მენტალური პრობლემა. დღევანდელ ხელისუფლებას აქვს ნოსტალგია საბჭოთა კავშირთან მიმართებაში და ეს გამოიკვეთა კონკრეტულ ქმედებებში, კერძოდ, სტალინის ძეგლის აღდგენაში. ის თუ რა გააკეთა სტალინმა საქართველოსთან მიმართებაში, უკრაინაში, კარგად იციან, როგორ ამოხოცა შიმშილით 6 მილიონი ადამიანი. ეს არის იმაზე მეტი დანაშაული ვიდრე "ჰოლოკოსტი", - აღნიშნა შოთა მალაშხიამ.