ბიძინა ივანიშვილი:  ყურადღება მიაქციეთ, ვინ რას გპირდებათ და რამდენად აქვს შესრულების თავი

ბიძინა ივანიშვილი: ყურადღება მიაქციეთ, ვინ რას გპირდებათ და რამდენად აქვს შესრულების თავი

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას საპრეზიდენტო არჩევნებზე გონიერების გამოჩენისკენ მოუწოდებს და სთხოვს, ყურადღება მიაქციონ "ვინ რას პირდება და აქვთ თუ არა შესრულების თავი". 

"მინდა, მოგიწოდოთ, რომ გამოვიჩინოთ გონიერება, რათა ეს არჩევნები იყოს ხარისხობრივად განსხვავებული. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები ჩატარდეს ობიექტურად და რომელიმე კანდიდატის მიერ სახელისუფლებო რესურსი არ იყოს გამოყენებული, მაგრამ მთავარი იქნება საზოგადოების ქმედება. კარგი იქნება, თუ გავაცნობიერებთ ბოლო 20 წლის პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგებს, დავფიქრდებით, დასკვნებს გავაკეთებთ და ემოცირების გარეშე დავიწყებთ არჩევანის გაკეთებას. გარწმუნებთ, რომ პრობლემები, რომლებიც ბოლო წლებში გადავიტანეთ, ძირითადად უკავშირდებოდა სწორედ პოლიტიკას და ხელისუფლებას, რომლის ამრჩევი ვიყავით ჩვენ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ხელისუფლებას ჩვენ ვირჩევთ და ვაყენებთ ჩვენს სამსახურში. გადავდოთ ემოციები გვერდზე, თორემ შეიძლება ისევ შეცდომა დავუშვათ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე.

მისივე განმარტებით, სწორი ხელმძღვანელობა უნდა ავირჩიოთ.

"მიაქციეთ ყურადღება, ვინ რას გეუბნებათ, ვინ რას გვპირდებათ და რამდენად აქვს შესრულების თავი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, არჩევნებში მონაწილეობა აუცილებლად მიიღონ.

"აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, აუცილებლად იაქტიურეთ, რადგან ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. არჩევნებით და თქვენი აქტიურობით იწყება ის, რასაც ელოდებით, რომ მიიღოთ ეფექტური ხელისუფლება", - დასძინა ივანიშვილმა.