ადამიანის უფლებათა კომიტეტი ნარკომომხმარებელთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ინიციატივას მხარს უჭერს

ადამიანის უფლებათა კომიტეტი ნარკომომხმარებელთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ინიციატივას მხარს უჭერს

ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის თაობაზე დეპუტატ კობა დავითაშვილის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა და მისი პლენარულ სხდომაზე გატანა მიზანშეწონილად მიიჩნია. 

ეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავითაშვილის მიერ მომზადებული რიგით მეორე საკანონმდებლო პაკეტია, რომელზეც კომიტეტის ფარგლებში დღეს, პირველი მომსენით იმსჯელეს.
პროექტის მიხედვით, იცვლება კანონის სათაური და მასში აისახება "ნარკოლოგიური მომსახურება", ნაცვლად დღეისთვის არსებული "ნარკოლოგიური დახმარებისა".

კანონპროექტი სრულიად ახლებურად აყალიბებს უკანონო ბრუნვაში მოქცეულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მცირე, მნიშვნელოვან, დიდი, განსაკუთრებით დიდი და კომერციული ოდენობების შემუშავების წესებს, ადგენს ოდენობათა განსაზღვრის კრიტერიუმებს, განმარტავს ზიანის შემცირებისა და სარეაბილიტაციო პროგრამათა საფუძვლებს.

ცვლილებების მიხედვით, ნარკოტიკის მოხმარებაზე აღარ იქნება გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუმცა, დარჩება საკმაოდ მკაცრი სანქციები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. კერძოდ, ნარკოტიკის მოხმარების პირველ შემთხვევაზე გათვალისწინებულია 300 ლარი, მეორე შემთხვევაზე 600 ლარი, მესამე შემთხვევაზე კი 1500 ლარი ან 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. ამ შემთხვევაში მომხმარებელს აქვს არჩევანის უფლება. თუ ის თანხმობას განაცხადებს ნებაყოფლობით მკურნალობაზე, სანქცია აღარ დაეკისრება.
"სანქციის ამოცანაა ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის მკურნალობისკენ წაბიძგება და არა ბიუჯეტის შევსება ჯარიმების ხარჯზე. ეს არის ცენტრისტული კანონპროექტი, რომელიც ერთი მხრივ ითვალისწინებს, რომ არც ის მდგომარეობა დარჩეს რაც დღეს არის, როდესაც 11 წლიანი ციხეა ნარკოტიკის მოხმარებაზე და არც ის, რომ დეკრიმინალიზაციის ნაცვლად ლეგალიზაცია მოვახდინოთ ნარკოტიკებზე", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

მისივე განმარტებით, ნარკოტიკულ ნივთიერებათა ნუსხაში ე.წ. სპაისების (მცენარეული სუბსტანციები გაჟღენთილი სინთეზური კანაბინოიდებით) ჯგუფიდან 230-ზე მეტი ნივთიერება მოხვდება, რომელთა გაყიდვა სისხლის სამართლებრივი წესით დაისჯება, ხოლო მოხმარება - ადმინისტრაციული წესით.

კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანა მიზანშეწონილად მიიჩნია.