ვიქტორ დოლიძე ევროპარლამენტში ორგანიზებულ საჯარო მოსმენაზე სიტყვით წარსდგა

ვიქტორ დოლიძე ევროპარლამენტში ორგანიზებულ საჯარო მოსმენაზე სიტყვით წარსდგა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ევროპარლამენტში ორგანიზებულ საჯარო მოსმენაზე სიტყვით წარსდგა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, დღეს ვიქტორ დოლიძე სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტში ევროპის კონსერვატორ რეფორმისტთა პოლიტიკური ჯგუფის მიერ ორგანიზებულ საჯარო მოსმენაზე: "საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - პრობლემები და გამოწვევები".

პრესსამსახურის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას ვიქტორ დოლიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ქვეყნის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის მოლოდინებზე.

მათივე ცნობით, სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მოდერატორის მხრიდან შეკითხვები შეეხო საქართველოს საშინაო პოლიტიკას, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოს ენერგოუსაფრთხოებასა და სხვა მიშვნელოვან საკითხებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების პირველ პანელზე გამომსვლელებს შორის იყვნენ პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ანა ფოტიგა, ევროპის კონსერვატორ რეფორმისტთა საბჭოს ვიცე პრეზიდეტი და საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი.

ექსპერტთა პანელზე კი სიტყვით წარსდგნენ როგორც პოლონელი ექსპერტები, ასევე საქართველოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები: ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ხუციშვილი და ილიას უნივერსიტეტის კავკასიურ სწავლებათა საერთაშორისო სკოლის დირექტორი გია ნოდია.

მესამე პანელზე კი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში თამარ ჩუგოშვილი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე, პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი, თბილსის მერი გიგი უგულავა და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღესვე ვიქტორ დოლიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპის სახალხო პარტიის წევრ იაცეკ სარიუშ-ვოლსკისთან და ევროპის კონსერვატორ რეფორმისტთა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელ პაველ რობერტ კოვალთან.