სახალხო დამცველი ეკონომიკის სამინისტროს წინადადებით მიმართავს

სახალხო დამცველი ეკონომიკის სამინისტროს წინადადებით მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადებით მიმართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს , სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს შეისწავლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შპს ,,ვაკე-5"-ის მიმართ კანონიერების პრინციპის უგულებელყოფისა და საკუთრების უფლებაში სავარაუდო გაუმართლებელი ჩარევის საკითხი და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. სახალხო დამცველის წინადადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს შეისწავლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შპს ,,ვაკე-5"-ის მიმართ კანონიერების პრინციპის უგულებელყოფისა და საკუთრების უფლებაში სავარაუდო გაუმართლებელი ჩარევის საკითხი და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

2011 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა შპს ,,ვაკე-5"-ის დირექტორმა დავით ბეგიაშვილმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან, საწარმოს, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით გარანტირებული საკუთრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოცემული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან ადგილი აქვს შპს "ვაკე 5"-ის საკუთრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევას შემდეგ გარემოებათა გამო:

მოგეხსენებათ, რომ საკუთრების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით. მართალია, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, მაგრამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება დაცული უნდა იყოს ყველასათვის, საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია თუ ის ნაკარნახევია საზოგადოების ინტერესით და იმ პირობებით, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად, საკუთრების უფლება ხელშეუვალია და მისი შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ისე რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.

იმ პირობებში, როდესაც არ იყო დამთავრებული დავა სს "კავკასელექტროქსელმშენსა" და შპს "ვაკე 5"-ს შორის სადავო ქონების კუთვნილებასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მიერ აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში საკუთრებად რეგისტრაცია წარმოადგენდა საკუთრების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას.

სახელმწიფოს მიერ ზემოაღნიშნული ქონების საკუთრებაში რეგისტრაციის ფაქტს (2011 წლის 27 მაისი) წინ უსწრებდა შპს ,,ვაკე-5"-ის დირექტორ დავით ბეგიაშვილის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის (თაღლითობა) მე-2 ნაწილის ,,ა" და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულზე 2011 წლის 24 მაისს წაყენებული დაუსაბუთებელი ბრალდება, რომელიც სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო, გაბათილდა 2012 წლის 5 დეკემბრის სასამართლოს დადგენილებით და დავით ბეგიაშვილის მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს სსგ ,,ელექტროქსელმშენსა" და ტრესტ ,,კავკასელექტროქსელმშენს" შორის 1991 წლის 22 აგვისტოს დადებული N11 ხელშეკრულება საწარმოს ბალანსზე რიცხული ქონების მთლიანად, უსასყიდლოდ შრომითი კოლექტივის საკუთრებაში გადაცემის შესახებ და ტრესტ ,,კავკასელექტროქსელმშენის" ქონება ცნობილ იქნა სახელმწიფო საკუთრებად. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სადავო ფართი პრივატიზაციის მომენტისათვის ირიცხებოდა სს ,,კავკასელექტროქსელმშენის" სახელზე და შესაბამისად, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს კოლეგია წარმოადგენდა არაუფლებამოსილ ორგანოს, რომელმაც 1996 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით განკარგა ჭავჭავაძის პრ. N44-ში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი აყალიბებს ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის კანონიერების პრინციპს, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოების კანონმდებლობის საფუძველზე შებოჭვას, ხოლო აღნიშნული პრინციპის უგულებელყოფა იწვევს მმართველობითი ღონისძიების მართლწინააღმდეგობას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს სარჩელი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც მის უფლებამოსილებას მიეკუთვნება. მოგეხსენებათ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს კოლეგიის 31.03.1995 წლის გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ არარა აქტად ცნობა, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად წარმოადგენს თავად ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელე ამ შემთხვევაში წარმოადგენდა აქტის გამომცემი ორგანოს სამართალმემკვიდრეს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან შპს ,,ვაკე -5"-ის მიმართ დარღვეულია საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ კი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, რომელთა არ არსებობის შემთხვევაში შესაძლოა შპს "ვაკე 5"-ის საკუთრებაში რიცხულ ქონებასთან დაკავშირებით მიღებული ყოფილიყო სხვაგვარი გადაწყვეტილება", - ნათქვამია სახალხო დამცველის მიმართვაში.