აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო ხვალ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელმა მერაბ ნაკაშიძემ განუცხადა. 

როგორც მერაბ ნაკაშიძე განმარტავს, ხუთივე მუნიციპალიტეტის თანამშრომლები შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილნი არიან. მისივე თქმით, ხვალ დილიდან ზღვაში შესვლა აეკრძალება როგორც მოსახლეობას, ასევე, სასეირნო კატერებს, თევზმჭერ გემებსა და ყველა სახის მცურავ ტექნიკას.

"4-5 სექტემბერს მოსალოდნელია ძლიერი ქარი, წვიმა და ზღვის ღელვა. ჩვენი სამსახური ასეთი მოვლენების დროს ყოველთვის მზადაა. მობილიზებულია ტექნიკა, მზად არიან მუნიციპალიტებები. ხულოს, ქედას, შუახევის, ქობულეთის, ხელვაჩაურის და ბათუმის იახტკლუბის თანამშრომლები 24-საათიანი მორიგეობით მუშაობენ. ხვალისთვის ასევე, მორიგე ჯგუფებს ვამატებთ. ხვალ დილიდან ზღვაში გასვლაზე აკრძალვა იქნება ყველა სახის ტექნიკისთვის. ხვალიდან ასევე, წითელი ალმები აიმართება სანაპიროზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობის მსურველებს ზღვაში შესვლა ეკრძალებათ. გარდა ამისა, სანაპიროზე მაშველები იქნებიან მობილიზებულნი, რადგან ზოგი არ ემორჩილება წითელ ალამს", - აღნიშნა მერაბ ნაკაშიძემ.

მისი განმარტებით, მოსახლეობა პანიკაში არ უნდა ჩავარდეს, რადგან მსგავსი ქარი, წვიმა და ზღვის ღელვა აღნიშნული სეზონისთვის დამახასიათებელია. მერაბ ნაკაშიძე მოსახლეობას მოუწოდებს, მეწყერული პროცესების განვითარების ან მდინარის ადიდების შემთხვევაში 112-ში დარეკონ.

"ეს პერიოდი, უამინდობის პერიოდია. პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ჩვეულებრივი ქარი, წვიმა და ღელვაა. მოსახლეობას ვთხოვთ, რომ მეწყერული პროცესების განვითარების, სახურავის გადახდის, მდინარის დონის მკვეთრი მატების, სარეკლამო აბრების მოგლეჯის ან სხვა სახის სტიქიის დროს 112-ში დარეკონ", - აღნიშნა მერაბ ნაკაძიშემ.
საქართველოში ციკლონის შემოჭრას ვარაუდობენ, რაც ხვალიდან ამინდის გაუარესებას გამოიწვევს.