იაშვილის კლინიკაში შესაძლოა, იძულებითი მმართველი შევიდეს

იაშვილის კლინიკაში შესაძლოა, იძულებითი მმართველი შევიდეს

იაშვილის კლინიკაში შესაძლოა, იძულებითი მმართველი შევიდეს ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკასა და ჰოლდინგში შემავალ სხვა პედიატრიულ ცენტრებში იძულებითი მმართველი შევა. 

დღევანდელ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება, ამოქმედდება კანონი სტრატეგიული ობიექტების შესახებ, რაც საშუალებას იძლევა, სახელმწიფომ ლეგალურად და სტრატეგიულად გამოიყენოს უფლებები კლინიკების სტანდარტულ რეჟიმში, სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

როგორც მინისტრმა განაცხადა, იაშვილის სახელობის კლინიკა და დანარჩენი 4 პედიატრიული ცენტრი ჩუმად, ”როგორც ლუდხანა, ისე გაიყიდა".

"მთავრობა სახელმწიფო ინტერესს არ დათმობს არანაირი კერძო ინტერესების სასარგებლოდ. ეს არის მსხვილი პედიატრიული ჰოლდინგი, ალოგიკურია იქ განვითარებული მოვლენები. ეს შეიძლება გააკეთოს მხოლოდ შეურაცხადმა ადამიანმა და გაყიდოს კლინიკები, როგორც ლუდხანა. უცხოელი ინვესტორები ეძებენ მყარ ლობისტებს სახელმწიფოსთან, მაგრამ ამ ინვესტორებმა ავნეს ამ კლინიკებს. თუ საჭირო გახდება სახელმწიფო ლეგალურად და სტრატეგიულად გამოიყენებს კანონს სტრატეგიული ობიექტების შესახებ. ვინაიდან, ეს პედიატრიული ცენტრები სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულებებია", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

როგორც მინისტრმა განმარტა, მას ამ დრომდე ეგონა, რომ "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" წარმომადგენელმა თექინ ატიკმა კლინიკების მართვა არ იცოდა, თუმცა მან რელიგიური ინტერესები გამოვლინა ხატებისა და ჯვრების ჩამოხსნასთან დაკავშირებით.

"მეგონა ამ უცხოელმა ინვესტორმა არ იცის სისტემის მართვა, მაგრამ აქ სხვა სიმპტომატიკა გამოიკვეთა რელიგიურ თემებთან დაკავშირებით და სიტუაცია მართვადი გამოდგა. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს სოფელ ჭელას მოვლენებს",-განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრის ინფორმაციით, იაშვილის სახელობის კლინიკაში შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის პაციენტებს, ვინაიდან მომხდარის გამო მედპერსონალი დემორალიზებული აღმოჩნდა.

"შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის პაციენტებს. მედპერსონალი დემორალიზებული აღმოჩნდა. კლინიკის მმართვას გააგრძელებს ის გუნდი, რომელიც მისაღები იქნება მედპერსონალისთვის", - აღნიშნდა დავით სერგეენკომ.

მისივე ინფორმაციით, თუ ვითარება არ დარეგულირდება "უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის" წარმომადგენლებსა და მედპერსონალს შორის, შესაძლოა კლინიკებში იძულებითი მმართველი შევიდეს.

მედპერსონალსა და თექინ ატიკს შორის ურიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქმა ინვესტორმა რეანიმაციულ განყოფილებაში კომპიუტერი დაამტვრია, მედპერსონალს შეურაცხყოფა მიაყენა და კედლებიდან ხატებისა და ჯვრების ჩამოხსნის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

როგორც დღეს დილით "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ექიმებმა განაცხადეს, ისინი თექინ ატიკს კლინიკის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ და თუ საჭირო გახდება, კაბინეტის კარს აუჭედავენ.