თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ პრემიერის შემცვლელზე კონსულტაციები უკვე მიმდინარეობდეს

თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ პრემიერის შემცვლელზე კონსულტაციები უკვე მიმდინარეობდეს

თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ პრემიერის შემცვლელზე კონსულტაციები უკვე მიმდინარეობდეს იუსტიციის მინისტრს სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გუნდი კოალიციურ რეჟიმში მუშაობას გააგრძელებს. 

ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა. იუსტიციის მინისტრის თქმით, პრემიერმა ყველას სთხოვა, მხარში დაუდგნენ ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებაში.

"მე ბევრჯერ ვთქვი, რომ ჩემი სურვილია, ივანიშვილი მას შემდეგ წასულიყო, რაც სახელმწიფოში ყველაფერი დალაგდებოდა. როგორც ჩანს, ამას არ იზიარებს და ძალიან მალე აპირებს იმ სუსტ წერტილში გადაინაცვლოს, რასაც საქრათველოში სამოქალაქო საზოგადოება ჰქვია და ამით დაეხმაროს რეალურად დემოკრატიულ სტრუქტურად ჩამოყალიბებას. მჯერა და მწამს, რომ მომავალი გუნდი იქნება კოალიციური რეჟიმის, რადგან ექვსი პარტია მომავალ საპარლამენტიო არჩევნებამდე გავერთიანდით. ალბათ ვერავინ მისცემს თავს უფლებას, რომ კოალიციურ რეჟიმში არ გააგრძელოს მუშაობა იმ პროგრამის შესასრულებლად, რომელიც ამომრჩეველს წინასაარჩევნო პერიოდში შევთავაზებთ ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ პრემიერის შესაძლო შემცვლელზე კონსულტაციები უკვე მიმდინარეობდეს, თუმცა აცხადებს, რომ მისთვის ამ კონსულტაციებსა და ბიძინა ივანიშვილის შესაძლო შემცვლელის შესახებ უცნობია. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტში მისი დარჩენის შესახებ, ჟურნალისტების შეკითხვას, თეა წულუკიანი ახალ მინისტრთა კაბინეტში დარჩენის ორ პირობას ასახელებს.

" ერთია, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს თავად აინტერესებდეს ჩემთან მუშაობა, ხოლო მეორე, ჩემი ინტერესი, ვიმუშაო იმ პრემიერ-მინისტრთან ვინც ბიძინა ივანიშვილს შეცვლის. ამის გარეშე თანამშრომლობა ვერ შედგება", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.