დავით უსუფაშვილი - კოალიცია ”ქართულ ოცნებას” პრემიერობის კანდიდატი ჯერ არ ჰყავს

დავით უსუფაშვილი - კოალიცია ”ქართულ ოცნებას” პრემიერობის კანდიდატი ჯერ არ ჰყავს

დავით უსუფაშვილი - კოალიცია ”ქართულ ოცნებას” პრემიერობის კანდიდატი ჯერ არ ჰყავს საქართველი პარლამენტის თავმჯდომარის,  დავით უსუფაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" პრემიერობის კანდიდატი არ ჰყავს და არც შეიძლება ჰყავდეს, რადგან  ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს, წავედიო, მან თქვა, წავალო.

როგორც ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა განუცხადა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება ქართულ პოლიტიკურ პროცესებში და იმაში რაც დღემდე მოხდა ქვეყანაში, ძალიან დიდია.

"ბიძინა ივანიშვილი ასრულებს ყველა დანაპირებს, მათ შორის აპირებს, იმ დანაპირების შესრულებას, რომ 2-3 წელიწადში დატოვებდა პოლიტიკურ ცხოვრებას და სხვა ფორმით გააგრძელებდა ქვეყნის სამსახურს. კოალიცია ამისთვის მზად იყო, ვინაიდან ბატონმა ბიძინამ ეს კოალიციის შექმნის საწყის ეტაპზევე ბრძანა. განვლილ პერიოდში ის მუდმივად საუბრობდა ამაზე, ამიტომ მართვის სისტემა, პოლიტიკური ცხოვრების ყველა ნიუანსი და დეტალი ამ საქმისთვის არის მზად. ყველა უნდა ვიყოთ მზად, მისი გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ერთ ადამიანზე აღარ ვიყოთ დამოკიდებული და ყველამ შევძლოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობის აღება და ქვეყნის სამსახურში ყოფნა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი დაგეგმილი პროცესი იყო.

"გვიხარია, თუ არ გვიხარია, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, უნდა შევეგუოთ ისეთ ცხოვრებას, როდესაც რაღაცეები ხდება, კოალიცია მზად არის, ივანიშვილი მზად არის", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რაც შეეხება მის შემცვლელს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, პრემიერის გადადგომა, რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუციით იწვევს მთავრობის გადადგომას. მისივე თქმით, ახალი პრემიერი იქნება წარმოდგენილი მოქმედი უმრავლესობის მხრიდან და ესაა კონსტიტუციის მოთხოვნა.

"ქართული ოცნება ", რა თქმა უნდა, წარმოადგენს პრემიერის კანდიდატურას და მერე შეიქმნება მთავრობა. მთავრობის შექმნა თავიდან არ ნიშნავს ყველა მინისტრის შეცვლას, თუმცა შესაძლოა იყოს საკადრო ცვლილებები, მაგრამ ზოგადად პრემიერ-მინისტრი კმაყოფილია დღევანდელი მთავრობით, პარლამენტი კმაყოფილია დღევანდელი მთავრობით, ამიტომ რაიმე სერიოზულ ცვლილებას არ ველით", - განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, ჰყავს თუ არა კონკრეტული კანდიდატი კოალიციას, აღნიშნა, რომ ასეთი კანდიდატი ჯერ არ ჰყავს.

"ივანიშვილს არ უთქვამს წავედიო, მან თქვა, წავალო, ამიტომ კანდიდატურაზე როგორ უნდა ვილაპარაკოთ ? ყურადღება მიაქციეთ მისი მიმართვის ბოლო ფრაზას, სადაც ამბობს, რომ წავა გარკვეული პროცესების და ეტაპების შემდეგ. ამიტომ დღეს ამ თემაზე დროის ხარჯვა, ვინ იქნება მის შემდეგ პრემიერი, არასწორია. მოდით, ვიფიქროთ იმაზე, ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.