თუ მთავრობა უფრო ეფექტური არ გახდა, ივანიშვილის წასვლით მთლიანად ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება

თუ მთავრობა უფრო ეფექტური არ გახდა, ივანიშვილის წასვლით მთლიანად ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ვანო მაჭავარიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას გამართლებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს , თუ მთავრობა უფრო ქმედითი გახდება.

როგორც მაჭავარიანმა "ინტერპრესსნიუსს" განუცხადა, თუ შიდა და გარე მაყურებელი არ დარწმუნდება, რომ საქართველოში პოლიტიკური, მაკროეკონომიკური, ფინანსური სტაბილურობაა და მთავრობას აქვს სტრატეგია, რომლითაც შემდეგ წლებში წარმართავს საქმიანობას, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლით დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება არა მარტო კოალიცია "ქართული ოცნება", არამედ მთლიანად ქვეყანა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როდის მოხდება პრემიერის პოსტის დატოვება ბიძინა ივანიშვილის მიერ. თუ საუბარია ამ წლის ბოლომდე, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს გიორგი მარგველაშვილმა და მთავრობა უფრო ქმედითი გახდეს. ნება მომეცით, ამ ეტაპზე ეჭვი შევიტანო მთავრობის ქმედითობასა და ეფექტურობაში, რადგან არის მთელი რიგი სექტორები, რომელიც გაცილებით ეფექტური და წარმატებული შეიძლებოდა ყოფილიყო და ეს როგორც საგარეო, ისე ეკონომიკურ და სოციალურ სფეროზე ასახულიყო. გარდა ამისა, პარტიის ფორმირების პროცესიც არაა ბოლომდე ჩამოყალიბებული, აქაც მნიშვნელოვანი ყურადღებაა მისაქცევი, რადგან რეგიონებიდან გარკვეული უკმაყოფილებები გვესმის. შესაბამისად, ესაა თემები, რომელიც პრემიერმა, როგორც პასუხისმგებელმა პოლიტიკოსმა უნდა დაალაგოს. ალბათ, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის წინაპირობა იმაში დასარწმუნებლად, რომ არსებობს პროგრამა, სტრატეგია და ხედვა, რომლის გარშემოც გაერთიანდებიან კოალიციაში შემავალი პარტიები და მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი არ იქნება მათი მიზიდულობის წერტილი. მნიშვნელოვანია, როგორც შიდა, ისე გარე მაყურებელი დარწმუნდეს, რომ ქვეყანას არ აქვს პრობლემები პოლიტიკურ სტაბილურობასთან დაკავშირებით და, რომ არსებობს თანმიმდევრული პოლიტიკა და საქართველოში, იგივე, ბიზნესსაქმიანობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, აუცილებელია, რომ მთავრობის გააქტიურება საზოგადოებამ წინასაარჩევნო პერიოდიდან დაინახოს, ამისთვის კი იმ მინისტრების გადახალისება მოხდეს, რომლებიც თავიანთ სფეროში ლიდერობას ვერ ახერხებენ.

"ძალიან მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო პერიოდში დავინახოთ, რომ მთავრობა გააქტიურდა. გადახალისების თვალსაზრისით, ალბათ, იმ მინისტრების საკითხიც უნდა დადგეს, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთ სფეროებში ლიდერობას. ასევე მნიშვნელოვანია პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა დაგვანახოს ის უნარები, რაც ახასიათებს –პოლიტიკური ლიდერობა, რაც მან გამარჯვების შემთხვევაში თავის თავზე უნდა აიღოს და იმუშაოს როგორც მთავრობასთან, ისე პარლამენტთან და ბიძინა ივანიშვილთანაც, რომელიც აქტიურ პოლიტიკაში რჩება, თუმცა სხვა ფორმით. ერთი სიტყვით, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური, მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა, რომ მთავრობას აქვს გეგმა, სტრატეგია, რომლითაც შემდეგი 3-4 წლის განმავლობაში განხორციელდება მისი საქმიანობა. ამ შემთხვევაში, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს ბიძინა ივანიშვილის პასიურ პოლიტიკურ როლში გადასვლა, სხვა შემთხვევაში კი, ალბათ, თავადაც არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება არა მარტო კოალიცია, არამედ მთლიანად ქვეყანა", - აღნიშნა მაჭავარიანმა.