მაია ფანჯიკიძე:  პრემიერს სურს პოლიტიკური და ადმინისტრაციული ფუნქციები დათმოს

მაია ფანჯიკიძე: პრემიერს სურს პოლიტიკური და ადმინისტრაციული ფუნქციები დათმოს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა. 

როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ბიძინა ივანიშვილის წერილი ძალიან ამომწურავია და მასში დეტალურად არის აღწერილი არსებული სიტუაცია. გარადა ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, ეს ყველაფერი აქამდეც გაცხადებული იყო, შესაბამისად, მოულოდნელი არაფერია.

"პრემიერ-მინისტრმა უკვე რამდენჯერმე დააფიქსირა წასვლის სურვილი. ვფიქრობ, განცხადებაში ყველაფერი კარგად არის დასაბუთებული, მათ შორის, როგორ იმუშავებს მთავრობა მისი წასვლის შემდეგ. საუბარია იმაზე, რომ პრემიერს სურს დათმოს პოლიტიკური და ადმინისტრაციული ფუნქციები, რათა სამოქალაქო საზოგადოებას გაძლიერებაში დაეხმაროს. აბსოლუტურად ვეთანხმები პრემიერს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას გაძლიერება სჭირდება. მას შეუძლია ძალიან დადებითი როლის შესრულება ამ საქმეში. ამიტომ ვფიქრობ, მისი მხრიდან ეს არის სწორი გადაწყვეტილება და ჩვენ ყველა უნდა ვეცადოთ, შევასრულოთ ყველაფერი, რაც მოცემულია პრემიერის წერილში", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია გამოჩნდნენ ახალი სახეები, ახალგაზრდობა აღიზარდოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პრინციპებით და საქართველოში შესაძლებელი გახდეს პოლიტიკური პროცესების კონტროლი საზოგადოების მიერ. ვინ შეცვლის ბიძინა ივანიშვილს, ამ თემაზე საუბარი მაია ფანჯიკიძეს ჯერ ნაადრევად მიაჩნია. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ყველაფერი თავის დროზე გახდება ცნობილი.

"უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. პრემიერს არ დაუსახელებია კონკრეტული თარიღი, როდის აპირებს თანამდებობის დატოვებას. არც ერთ შემთხვევაში ეს არ იქნება არჩევნებამდე, თუმცა, მან ისიც აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავს, რომ ვითარება არასტაბილურია, შესაძლოა გადაწყვეტილებას გადახედოს და მან დროში გადაიწიოს. ვფიქრობ, პრემიერმა შეასრულა ყველაფერი, რასაც საზოგადოებას დაჰპირდა და მიმაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებასთან დაკავშირებულ დანაპირებსაც შეასრულებს", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.