პაატა ზაქარეიშვილი:  ბატონი ბიძინა პრემიერ-მინისტრად არ დაბადებულა

პაატა ზაქარეიშვილი: ბატონი ბიძინა პრემიერ-მინისტრად არ დაბადებულა

ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ გააკეთა საკმაოდ მკაფიო მინიშნება, რომ წასვლას აპირებდა, - ამის შეასხებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, როდესაც პრემიერ-მინისტრის წერილს გამოეხმაურა. 

ზაქარეიშვილის შეფასებით, ეს ღია წერილი ამას კიდევ ერთხელ ცალსახად ადასტურებს. "საბოლოოდ, მისი ნებაა პოლიტიკიდან წავიდეს და არა საქართველოდან და საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. ის მხოლოდ პოლიტიკიდან მიდის და ეს არის მკაფიო. მიღებულია გადაწყვეტულება და მინდა ყველას შევახსენო, რომ ბატონი ბიძინა არ დაბადებულა პრემიერ-მინისტრად, ამაში ტრაგედია არ არის, არამედ პირიქით, სულ მალე ყველა ვნახავთ, რომ მისი ახალი ამპლუა უფრო ეფექტური იქნება და მნიშვნელოვნად მოემსახურება ქართული საზოგადოების და სახელმწიფო ინტერესებს, ვიდრე გარკვეულწილად შეზღუდული პრემიერის თანამდებობიდან", - განაცხადა ზაქარეიშვილმა. 

მისივე თქმით, პრემიერს უფრო მეტი გეგმები და ხედვები გააჩნია, ვიდრე შეიძლება პრემიერის თანამდებობიდან. "ეს ერთი და მეორე, რაც მის პოზიციაში მომწონს, არის ის, რომ არ შეიძლება ვიდრე მესიად გამხდარა, მესია უნდა მოკვდეს საქართველოში. დასრულდა, როცა საზოგადოება ერთ ადამიანზეა ჩამოკიდებული და ერთი ადამიანის იმედი აქვთ, ეს არის ყველაზე დაუშვებელი", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უფრო მეტი გააკეთა პოლიტიკაში, ვიდრე მისმა წინამორბედმა "ვითომ პოლიტიკოსებმა". "ორი აზრი არ არის, რომ მისასალმებელია და საშუალებას აძლევს ქართულ საზოგადოებას, ახალი ეტაპიდან დაიწყოს სახელმწიფოს მშენებლობა", - აღნიშნა სახელმწოფო მინისტრმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვინ შეიძლება დაიკავოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, კონკრეტულად ხომ არ იქნება ეს ირაკლი ღარიბაშვილი ან ლევან ვასაძე, პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ამ კითხვაზე მას პასუხი არ აქვს. "ვერ გიპასუხებთ ნამდვილად, მე არ მიმიღია არც ერთ შეხვედრაში მონაწილეობა, სადაც ეს საკითხი განიხილებოდა", - დასძინა ზაქარეიშვილმა.