რასმუსენი:  სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს

რასმუსენი: სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს

ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას მკაცრი საერთაშორისო რეაგირება უნდა მოჰყვეს. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. 

მისივე განცხადებით, თავად დარწმუნებულია, რომ სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა მოსახლეობის წინააღმდეგ და ბაშარ ალ-ასადმა პასუხის უნდა აგოს ამ ქმედებაზე.

"ასადის ამ ქმედებას მკაცრი საერთაშორისო რეაგირება უნდა მოჰყვეს, რათა მომავალში აღიკვეთოს ქიმიური იარაღის გამოყენება. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პასიური პოზიცია სახიფათო სიგნალი იქნება მსოფლიოს დიქტატორებისთვის", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

გასული კვირის პარასკევს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო არ აპირებს სირიაში სამხედრო ინტერვენციაში ჩართვას, რომელსაც ნატო-ს წევრი 28 ქვეყნის თანხმობა სჭირდება. თუმცა, მისივე თქმით, ის მხარს უჭერს კონკრეტული მოკავშირეების გადაწყვეტილებას სამხედრო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით.

"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ კონკრეტული მოკავშირეების გადაწყვეტილებას. ნატო დემოკრატიის ალიანსია. დემოკრატია არათუ გვასუსტებს, არამედ გვაძლიერებს", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.