NDI-ის დელეგაცია საქართველოში საარჩევნო გარემოს შეაფასებს

NDI-ის დელეგაცია საქართველოში საარჩევნო გარემოს შეაფასებს

NDI-ის დელეგაცია საქართველოში საარჩევნო გარემოს შეაფასებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტიდან აცნობეს , NDI-ის დელეგაცია საქართველოში 2013 წლის 27 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ არსებულ გარემოს შეფასებს.

დელეგაციის წევრები შეაფასებენ არჩევნებისთვის მზადების პროცესს, ზოგადად პოლიტიკურ გარემოს და დააკვირდებიან ყველა იმ ფაქტორს, რასაც შეუძლია საარჩევნო პროცესის სამართლიანად წარმართვაზე გავლენა იქონიოს. დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ ხელისუფლების და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, საპრეზიდენტო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

6 სექტემბერს, მუშაობის დასრულების შემდეგ, NDI-ის დელეგაცია ანგარიშის სახით წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებს პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნებს. ანგარიშის გამოქვეყნებამდე დელეგაცია მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს.

დელეგეციის წევრები არიან: რობინ კარნაჰანი, მისურის შტატის ყოფილი მდივანი (შტატში არჩევნებზე პასუხისმგებელი არჩეული თანამდებობის პირი); პერ ეკლუნდი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად სტოკჰოლმის უსაფრთხოებისა და განვითარების ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი; კრისტინ ტოდ უიტმანი, ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორი და გარემოს დაცვის სააგენტოს ყოფილი ადმინისტრატორი; დეიმონ უილსონი, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე–პრეზიდენტი; კენეთ ვოლაკი, NDI-ის პრეზიდენტი; ლორა ჯუიტი, NDI-ის ევრაზიის რეგიონალური პროგრამების დირექტორი და ლუის ნავარო, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი.