საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მრჩეველთა ჯგუფი შექმნა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მრჩეველთა ჯგუფი შექმნა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მრჩეველთა ჯგუფი შექმნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საზოგადოებრივი მაუწყებლიდან აცნობეს, მრჩეველთა ჯგუფი მუშაობას დღეიდან იწყებს. საბჭოს წევრები საზოგადოების სხვადასხვა სფეროდან არიან წარმოდგენილნი და შესაბამისად, მაუწყებელს მრავალი მიმართულებით გაუწევენ კონსულტაციას.

"მრჩეველთა ჯგუფი დააკვირდება და შეისწავლის მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს, რათა ორგანიზაციამ პირნათლად შეასრულოს საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება და იყოს: პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების საზოგადოებისათვის მიწოდების მიზნით ეს კანონი აფუძნებს ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას ("მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი, მუხლი15.)", -ნათქვამია მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მრჩეველთა ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში, მათ რჩევებს გაითვალისწინებს გენერალური დირექტორი და მენეჯმენტი.

მრჩეველთა ჯგუფის წევრები არიან პოეტი დავით მაღრაძე, ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის დირექტორი მარინე მუსხელიშვილი, იურისტი; მართვის სპეციალისტი გრიგოლ გოგელია, ლიტერატორი ირაკლი ლომოური და სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი ნათელა სახოკია.