სასამართლომ კოტე რატიანი ქუთაისის მერის მოადგილის თანამდებობაზე აღადგინა

სასამართლომ კოტე რატიანი ქუთაისის მერის მოადგილის თანამდებობაზე აღადგინა

სასამართლოს 2 სექტემბრის გადაწყვეტილებით, კოტე რატიანი ქუთაისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე რჩება. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე - კოტე რატიანის სასარჩელო მოთხოვნა თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის მერიის მიმართ.

მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა ქუთაისის მერის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სასამართლოს ცნობით, მოსარჩელემ განმარტა, რომ სადავო ბრძანებით შეიზღუდა მათი შრომითი და კონსტიტუციური უფლებები, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე და მათი მოთხოვნა უსაფუძვლოდ და დაუშვებლად მიიჩნია, რის გამოც მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

"სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის მერის დ. კოპალიანის ბრძანება ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებლის კ. რატიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, კ. რატიანი აღდგენილი იქნა ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე და ქუთაისის მერიას დაეკისრა მოსარჩელეს სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის შესაბამისად, სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, რადგან სასამართლომ მიიჩნია რომ დარღვეულია ადმინისტრაციული წარმოება, კერძოდ დაინტერესებული პირი არ იქნა მიწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაზე, ასევე არ დადასტურდა უხეში გადაცდომის ფაქტი, რაც საფუძვლად დაედო მოხელის გათავისუფლებას", - აცხადებენ სასამართლოში.

აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში.