ყველა რელიგიის წარმომადგენელი უნდა შეეგუოს იმას, რომ კანონის წინაშეც ყველა თანაბარია

ყველა რელიგიის წარმომადგენელი უნდა შეეგუოს იმას, რომ კანონის წინაშეც ყველა თანაბარია

"ყველა რელიგიის წარმომადგენელი და სასულიერო პირი უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და კანონი, რომლის წინაშეც ყველა თანაბარია" , - ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ადიგენის რაიონში მინარეთის დემოტაჟთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. 

უსუფაშვილის თქმით, არავის უნდა მიეცეს მის თქმის საბაბი, რომ ვიღაც კანონზე მაღლა დგას.

" ე.წ.მინარეთის პრობლემა ძალიან კომპლექსური პრობლემაა. დიდი სიფრთხილე, ყურადღება და სერიოზული ანალიზია საჭირო ასეთი მოვლენების დროს. როდესაც ერთი ღამის განმავლობაში სასულიერო-საკულტო ნაგებობის აშენება უკანონდ ხდება, ამის გამკეთებლს რაღაც ბოლომდე გააზრებული არა აქვს, ან აქვს გააზრებული, მაგრამ არც ისე სასიკეთო და სახელმწიფოებრივი მიდგომით ხელმძღვანელობს. ასევე დიდი ყურადღებაა საჭირო არასწორად და უკანონოდ აშენებული ნაგებობის ერთ ღამეში დემონტაჟთან დაკავშირებით, საჭიროა მეტი ახსნა-განმარტება საზოგადოებისთვის, მრევლისთვის. აღნიშნულ საკითხს რამდენიმე დღით მეტი რომ დათმობოდა და წინასწარ გვეთქვა ის, რაც პოსტ-ფაქტუმ ითქვა, ამ თემას ნაკლებად პრობლემური ხასიათი მიეცემოდა რელიგიური თვალსაზრისით. ყველა რელიგიური წარმომადგენელი, სასულიერო პირი უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და კანონები, რაც დასაცავია მშენებლობის დროს, დემონსტრაციის დროს, რწმენისა თუ აღმსარებლობის გამოხატვის დროს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია - მართლამდიდებლური ეკლესია, სხვა რელიგიური მიმართულებები, სასულიეორ პირები თუ პარლამენტის წევრები", - განაცხადა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.