საზოგადოება მალე იხილავს სპექტაკლის დასასრულს და ამ სპექტაკლში მშვიდად ვმონაწილეობ

საზოგადოება მალე იხილავს სპექტაკლის დასასრულს და ამ სპექტაკლში მშვიდად ვმონაწილეობ

"საზოგადოება მალე იხილავს სპექტაკლის დასასრულს და ამ სპექტაკლში მშვიდად ვმონაწილეობ,"- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მის და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდა.

უგულავას ინფორმაციით, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების 90%-ს აღნიშნულ საქმესთან შეხება არ აქვს და პროკურატურის მთავარი მოწმეები "საერთაშორისო მასშტაბის აფერისტი ჯოზეფ ქეი და ხელისუფლებაში მყოფი პირები არიან".

"მოწმეებს უმეტესობას საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს საქმესთან და ამაში თავადაც დარწმუნდებით. ანტურაჟისთვის არის, იმისთვის, რომ შთამბეჭდავი ტომები შეეკრა პროკურატურას. ძირითადად მთავარი მოწმე ჯოკერი კვლავ რჩება და არის ჯოზეფ ქეი, რომლის რეპუტაციაც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. თვითონ ეს ფაქტიც მიუთითებს, რომ გამოძიება აბსურდულია და გამოძიებას უჭირს და ძირითადად მოწმეებად მოყვანილი ჰყავს ან ასეთი საერთაშორისო დონის აფერისტები როგორიცაა ჯოზეფ ქეი, ან მათ შორის ისეთი ადამიანები, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან და მათზე ზემოქმედება ძალზედ ადვილია. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება დაინახავს ამ სპექტაკლის და ფარსის ბოლოს, რასაც დღევანდელი ბრალდება ჰქვია. ეს არ იქნება პირელი შემთხვევა, ჩვენ ვაკვირდებით, რომ ხმამაღალი ბრიფინგებით დაწყებული საქმეები თვალსა და ხელს შუა დნება და სასამართლოზე ვერანაირ კრიტიკას და ვერანაირ დასაბუთებას ვერ უძლებს. ესეც ასეთი ერთი შემთხვევა იქნება. ამის მიზანი ბუნებრივია, ამ ერთი წლის განმავლობაში პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ტალახში ამოსვრაა. მერე რა?! პასუხისმგებელი ვინ იქნება?! წააგო, წააგო პროკურატურამ. ერთი ადამიანი ხომ გაილანძღა?! ჩრდილი ხომ მიადგა მის საქმიან თუ პერსონალურ რეპუტაციას?! ეს იყო ამოცანა და ამ ამოცანას ასრულებს. სამწუხაროა, რომ ამაზე გადასახადის გადამხდელთა ფული იხარჯება, სასამართლოს დრო იხარჯება და ამ სპექტაკლს უკვე ერთი წელიწადია განვიხილავთ,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დედაქალაქის მერის გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა დღეს განახლდა. გამოძიების ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან, თუმცა მათი რაოდნობა ჯერ-ჯერობით უცნობია.

რაც შეეხება ბრალდებას, საქმე ეხება ორ ეპიზოდს. გამოძიების ინფორმაციით, ერთი საკითხი ტელეკომპანია "იმედის" მისაკუთრების დანაშაულებრივი სქემაა, რომელშიც პროკურატურის ცნობით, მთავარი მონაწილე თბილისის მერი იყო. ბრალდების მხარის მეორე ეპიზოდი ქალაქ თბილისის ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტია "ერთიან ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ დახარჯულ თანხებს ეხება.