საქართველოში შესაძლოა სტომატოლოგიური საქმიანობის რეგულაციები გამკაცრდეს

საქართველოში შესაძლოა სტომატოლოგიური საქმიანობის რეგულაციები გამკაცრდეს

„სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა დღეს ნებისმიერი პროფესიის ადამიანს, ნებისმიერ სარდაფში შეუძლია“

„ქართული ოცნების“ გუნდმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა გამოაცხადა. ამ მიზნით რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადაიდგა: გადაწყდა თამბაქოს აქციზის გაზრდა და მისი მოხმარების შეზღუდვა, გამკაცრდა სურსათის იმპორტის მექანიზმები, დაიწყო ბაზრიდან ვადაგასული საკვების ამოღება და ა.შ.

ხელისუფლებამ შესაძლოა, სტომატოლოგიური კლინიკების გახსნისა და ფუნქციონირების პირობებიც გაამკაცროს. როგორც commersant.ge-ს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ლიცენზირებისა და აკრედიტაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირმა ბურდულაძემ განუცხადა, არ არის გამორიცხული, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგას.

პრობლემა ისაა, რომ დღეს საქართველოში სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა უპრობლემოდ შეიძლება და არც მისი საქმიანობის კონტროლი მიმდინარეობს. შესაბამისად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმისა და კლინიკის ხელმძღვანელობის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასეთ პირობებში „ცე“ ჰეპატიტითა თუ სხვა ვირუსით დაავადებების საფრთხე მაღალია და ამ დაავადებების მაღალი სტატისტიკის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ უკონტროლოდ მოქმედი სტომატოლოგიური კლინიკებია.

ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელი გია ლობჟანიძე საკითხის დარეგულირებას საკანონმდებლო დონეზე ითხოვს. მისი თქმით, დღეს მოქმედი კანონით, სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა ნებისმიერ ადამიანს, ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე, ნებისმიერ „სარდაფში“ შეუძლია. ამასთან, არ მიმდინარეობს კლინიკების ფუნქციონირებისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვის კონტროლი.

„ეს სფერო იმდენად მოუწესრიგებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ შესაძლოა არც იცოდეს, რამდენი სტომატოლოგიური კლინიკაა ქვეყანაში. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს და გამკაცრდეს რეგულაციები. კლინიკებში არსებული ჰიგიენური ვითარება უნდა მოწმდებოდეს და შესაბამისი სერთიფიკატი გაიცემოდეს. საქართველოში სულ ერთი თუ ორი სტომატოლოგიური კლინიკა თუ იქნება, რომლებსაც საკუთარი ინიციატივით აქვთ მიღებული მსგავსი, საერთაშორისო დონის სერთიფიკატი. დანარჩენებში კი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული,“ – აცხადებს ლობჟანიძე.

ქვეყანაში სხვა პროფილის სამედიცინო კაბინეტებიც მოქმედებს – მაგალითად ოფთალმოლოგიური, მაგრამ, როგორც ლობჟანიძე განმარტავს, გამომდინარე იქიდან, რომ სტომატოლოგიური კლინიკები ყველაზე ბევრია და მათში ინვაზიური ჩარევა (სისხლთან შეხება) ხდება, ყველაზე სწრაფ მიხედვას სწიორედ ეს სფერო საჭიროებს.

ამ დარგში კონტროლის გამკაცრების მომხრეა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძეც, რომელიც ამბობს, რომ სახელმწიფომ არა მხოლოდ სტომატოლოგიური კლინიკების, არამედ სილამაზის სალონების კონტროლიც უნდა გაამკაცროს, რადგან „ცე“ ჰეპატიტისა და სხვა ინფექციების გადადების საფრთხე იქაცაა. თუმცა, მაღრაძის თქმით, კონტროლის გამკაცრებას საკანონმდებლო ცვლილებები არ სჭირდება და ეს აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე უნდა მოგვარდეს.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი ირმა ბურდულაძე commersant.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ საქართველოში სტომატოლოგიური საქმიანობა 2005 წლამდე ლიცენზირებად საქმიანობის ნუსხაში იყო შეყვანილი, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, ამ საქმიანობაზე ლიცენზია არ გაიცემა და მხოლოდ კლინიკაში მომუშავე მედპერსონალის სერტიფიკატი მოითხოვება.

ამასთან, არსებობს მთავრობის 2010 წლის 12 ნოემბრის დადგენილება, რომელშიც გაწერილია საერთო მოთხოვნები ამბულატორიულ ფარგლებში, ე.წ. მაღალი რისკის საქმიანობის მიმწოდებლებისადმი. თუმცა სტომატოლოგია, განსხვავებით სხვა მაღალი რისკის შემცველი დაწესებულებებისგან, არ ექვემდებარება ე.წ. შეტყობინების წამოდგენას. ამგვარი შეტყობინების წარდგენა ჯანდაცვის სამინისტროში ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სტომატოლოგიურ კლინიკას რენტგენის აპარატი გააჩნია.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ გარკვეული სამუშაოები სტომატოლოგიური საქმიანობის რეგულირების მიზნით მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ამ მიმართულებით.