საზოგადოებრივ-საგამოძიებო კომისიას სიმართლის დადგენა გაუჭირდება

საზოგადოებრივ-საგამოძიებო კომისიას სიმართლის დადგენა გაუჭირდება

თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ეჭვობს, რომ საზოგადოებრივ-საგამოძიებო კომისიას, რომლის შექმნის ინიციატივითაც სახალხო დამცველი გამოდის, სიმართლის დადგენა გაუჭირდება.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ის სახალხო დამცველის ინიციატივას "უფრო ჟურნალისტურ გამოძიებასთან გააიგივებდა".

"ვიზიარებ ბატონი უჩა ნანუაშვილის მოთხოვნას იმ ნაწილში, რომ დროულად იქნას გამოძიებული ლაფანყურის სპეცოპერაცია, თუმცა პირადად მე, საზოგადოებრივ-საგამოძიებო სახის კომისიას არ ვიცნობ. თუ ბატონი უჩა მიიჩნევს, რომ ასეთი ფორმით შექმნილი საგამოძიებო ჯგუფი შეძლებს შესაბამისი გამოძიების წარმართვას და ობიექტური სინამდვილის დადგენას, აღნიშნულს მივესალმები, მაგრამ ეჭვი მეპარება. მე მას უფრო ჟურნალისტურ გამოძიებასთან გავაიგივებდი, ვიდრე ის, რომ მას სამართლებრივად რაიმე ძალა ჰქონდეს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე განმარტებით, გამოძიების გაჭიანურების მიზეზებზე საუბარი უჭირს, რადგან საგამოძიებო პროცესში ჩარევის უფლება არავის აქვს, თუმცა იცის, რომ "საქმე საკმაოდ რთულია".

"გამიჭირდება კონკრეტულად იმაზე საუბარი, თუ რატომ ჭიანურდება გამოძიება, რადგან საგამოძიებო პროცესში ჩარევის უფლება არავის აქვს. შესაბამისად, მე როგორც პარლამენტის წევრს არ მაქვს ინფორმაცია, რატომ ვერ ხერხდება საბოლოო დასკვნის დადება, თუმცა ვიცი, რომ საქმე საკმაოდ რთულია და არის მთელი რიგი დეტალები, რომელსაც დრო და ენერგიული მუშაობა სჭირდება", - აღნიშნა სესიაშვილმა.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სპეციალური საზოგადოებრივი-საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

საკუთარი ინიციატივა ნანუაშვილმა დღეს ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის, არჩილ ჩოხელის ოჯახს გააცნო, რომელიც მცხეთის რაიონის სოფელ გალავანში მოინახულა. ამასთან, ნანუაშვილის თქმით, აღნიშნული კომისია თავის თავზე აიღებს იმას, რომ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია შეაგროვოს.